Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატები - რა ხდება ახლა


„ქართულმა ოცნებამ“ სებ-ის საბჭოს წევრებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე დაიწუნა
„ქართულმა ოცნებამ“ სებ-ის საბჭოს წევრებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე დაიწუნა

პარლამენტში მმართველმა გუნდმა სიტყვით მოიწონა, საქმით კი ჩააგდო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატები.

საბჭოში, რომელსაც 9 წევრი უნდა აკომპლექტებდეს, ახლა 7 წევრი რჩება, დეკემბრიდან კი - 5. ასარჩევია ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტიც.

პარლამენტის ამ ნაბიჯის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში კვლავ შენარჩუნდა აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა, - რასაც წინმსწრებად უარყოფითად აფასებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

ჩვეულებრივ, ახალ წევრებს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს. სანამ პრეზიდენტი ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ არ მორიგდებიან, ეს ვითარება არ შეიცვლება.

„არ გავუტარებთ“

26 ივნისს პარლამენტმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტ ზურაბიშვილის წარდგენილ კანდიდატებს, გიორგი ბაქრაძესა და დიმიტრი ჯაფარიძეს.

[28 ივნისი, განახლება: იგივე გადაწყვეტილება მიიღო პლენარულ სესიაზე საპარლამენტო უმრავლესობამაც].

ბაქრაძე, - რომელსაც ფართო საზოგადოება იცნობს ინტელექტუალური გადაცემიდან, „რა? სად? როდის?“, - მრავალი წელია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველია, ჯაფარიძე კი - ილიაუნის ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტის დირექტორი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ოცნების“ პარლამენტარებმა დაადასტურეს, რომ არ ეპარებათ კანდიდატების პროფესიონალიზმში ეჭვი, მათი კანდიდატურის ჩაგდების პასუხისმგებლობა კი პრეზიდენტ ზურაბიშვილს დააკისრეს.

„ორივე კანდიდატი თავისი გამოცდილებით კვალიფიციური და კომპეტენტურია, მაგრამ მე ვერ გავუგებ პრეზიდენტს, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია გააღრმაოს… როცა ურჩობს, ჯიუტობს, ხოში მაქვს და წარმოგიდგინეთო, არ გავუტარებთ“, - განაცხადა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ოცნების“ პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ.

„ოცნების“ წევრების თანახმად, პრეზიდენტს, სანამ კანდიდატებს პარლამენტს წარუდგენდა, მმართველ გუნდთან უნდა გაევლო კონსულტაციები, - რაც მას არ გაუკეთებია.

ირაკლი ზარქუა, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი
ირაკლი ზარქუა, „ქართული ოცნების“ პარლამენტარი
„ჩვენ კანდიდატების კომპეტენციასთან არანაირი შეკითხვა არ გვაქვს, მაგრამ ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება მისაღები“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ.

თუმცა „ოცნების“ წევრებმა ვერ მოახერხეს, პრეზიდენტის წარმომადგენლის კითხვაზე პასუხად დაესახელებინათ საკანონმდებლო ნორმა, რომელიც პრეზიდენტს ასეთ ვალდებულებას აკისრებს.

„არსად არ არის ჩანაწერი, რომ წინასწარი კონსულტაციები უნდა ტარდებოდეს ვინმესთან“, - თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ და დასძინა: „ყველა კანდიდატს როცა ბლოკავთ, თქვენ უწყობთ პოლარიზაციას ხელს და არა ჩვენ“.

გიორგი მსხილაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი
გიორგი მსხილაძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი

საბჭოს წევრები და სებ-ის პრეზიდენტი

ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს ეროვნული ბანკი პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის განხეთქილების ეპიცენტრშია მოქცეული. ეროვნული ბანკის ფუნქციონირება და მმართველობა ორივე ინსტიტუციაზე გადის.

სებ-ში ახლა ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას და ორივე საკითხი მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას უკავშირდება:

  1. საბჭოს წევრები რაოდენობა, ჩვეულებრივ, 9 უნდა იყოს, თუმცა ახლა მხოლოდ 7 წევრია არჩეული. დეკემბრიდან კიდევ ორ წევრს ვადა გასდის და საბჭოში სულ 5 წევრი რჩება. არსებობს ბალანსის პრობლემა.
  2. ბანკს ახლა არც პრეზიდენტი ჰყავს - წინა პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2 მარტს ამოეწურა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების მიერ - წევრები საკუთარ წიაღში ასახელებენ კანდიდატს და მას დასამტკიცებლად ქვეყნის პრეზიდენტს წარუდგენენ.

საბჭოს წევრს კი ჯერ ქვეყნის პრეზიდენტი არჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

გვენეტაძის შემდეგ ბანკის მართვა მისმა მოადგილემ, არჩილ მესტვირიშვილმა გააგრძელა. „ქართული ოცნება“ მას არ ენდობოდა და მთავრობასთან შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებში ადანაშაულებდა. არადა, კანონით, ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია.

საბოლოოდ, მმართველმა გუნდმა ეროვნული ბანკის კანონი შეცვალა, ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტოც დასძლია და ამ გზით მესტვირიშვილი ბანკის დროებით ხელმძღვანელობას ჩამოაშორა.

წინა კვირიდან, 22 ივნისიდან ბანკს დროებით მართავს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ნათია თურნავა, - „ოცნების“ მთავრობის ყოფილი მინისტრი. იგი ეროვნული ბანკის მომდევნო პრეზიდენტის არჩევამდე შეინარჩუნებს ამ პოსტს.

ვინ იქნება პრეზიდენტი?

ნათია თურნავა „პირველი ვიცე-პრეზიდენტია“ და არა პრეზიდენტი.

საბჭოს წევრებს იგი პრეზიდენტის კანდიდატად არ დაუსახელებიათ, - ასეთ შემთხვევაში, იგი პრეზიდენტ ზურაბიშვილს უნდა დაემტკიცებინა და, სავარაუდოდ, ამის მოლოდინი არ არსებობდა.

„ქართული ოცნების“ განცხადებით, რამდენიმე კვირის წინ მოლაპარაკებები ჰქონდათ პრეზიდენტთან: სთავაზობდნენ, მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი წარედგინა პარლამენტისათვის [სავარაუდოდ, პრეზიდენტის პოსტზე], სანაცვლოდ კი ვეტოს არ დავძლევთო.

თუმცა სალომე ზურაბიშვილის ხედვით, ხუციშვილი დამოუკიდებლობის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდა.

ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სწორედ ამ უარის შემდეგ, 16 ივნისს, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტს ბაქრაძე და ჯაფარიძე წარუდგინა განსახილველად. 10 დღეში პარლამენტმა მათ უარი უთხრა.

26 ივნისს საკომიტეტო განხილვაზე ბაქრაძემაც და ჯაფარიძემაც დაადასტურეს, რომ არ აქვთ სებ-ის პრეზიდენტობაზე პრეტენზია, - რიგით წევრებად იყვნენ წარდგენილები.

პარლამენტარი რომან გოცირიძე, - რომელიც მხარს უჭერდა კანდიდატებს, - ფიქრობს, რომ სწორედ ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეცდომა:

„კარგი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი იტყოდა, რომ მან წარმოადგინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატი და არა საბჭოს წევრობის რიგითი კანდიდატები“, - განაცხადა მან. მისი ვარაუდით, ასეთ შემთხვევაში პარლამენტს გაუჭირდებოდა კანდიდატურის ჩაგდება.

ბალანსის საკითხი - მოუგვარებელი

ამჟამად საბჭოში მყოფი შვიდი წევრიდან სამი რიგითი წევრია, ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, სამი კი ვიცე-პრეზიდენტი. ესე იგი, 7-დან 4-ს აღმასრულებელი ფუნქცია აქვს.

მას შემდეგ, რაც დეკემბერში არჩილ მესტვირიშვილსა და კიდევ ერთ წევს, რობერტ სინგლეტარს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებათ, 5-დან 3 წევრს დარჩება აღმასრულებელი ფუნქცია.

ეროვნული ბანკის საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი საზედამხედველო ორგანოა. ასეთ ორგანოში მნიშვნელოვანია, არააღმასრულებელი წევრების რაოდენობა მეტი იყოს, ვიდრე აღმასრულებლებისა. შეუძლებელია, აღმასრულებელი წევრების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა საბჭომ ზედამხედველობის ფუნქცია შეასრულოს.

2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნებულ დოკუმენტში საერთაშორისო სავალუტო ფონდი წერდა, რომ „საბჭოზე ზედამხედველობის დამოუკიდებელ პროცესს აფერხებს საბჭოში აღმასრულებელი წევრების უმრავლესობა“.

პარლამენტს ბაქრაძისა და ჯაფარიძის კანდიდატურები რომ დაემტკიცებინა, სებ-ის საბჭოში ბალანსის პრობლემა - და კითხვების ნაწილი დამოუკიდებლობის შესახებ - აღმოიფხვრებოდა. უახლოეს მომავალში ამ პრობლემას მხოლოდ გამწვავების პერსპექტივა აქვს.

XS
SM
MD
LG