ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აუცილებლად მიიჩნევს ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას, თუ დადასტურდება, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ბელარუსშია.
ნაუსედამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სპეცსამსახურები გააძლიერებენ ლიეტუვის უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტების და მეზობელ ბელარუსში შექმნილი სიტუაციის შეფასებას.
ლიეტუვის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ პრიგოჟინი „ვაგნერელების“ ნაწილთან ერთად, გაურკვეველი გეგმებით და განზრახვით ბელარუსში აღმოჩნდება, საჭირო იქნება აღმოსავლეთის საზღვრების უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება.
- 23 ივნისს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რის გამოც 25 ათასმა „ვაგნერელმა“ თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელების წინააღმდეგ დაიწყო „სამართლიანობის მარში“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ვაგნერზე“ შეტევა უარყო.
- 24 ივნისს, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ კონტროლი დაამყარეს ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ობიექტებზე, რუსეთის არმიის 3 ვერტმფრენი ჩამოაგდეს და მოსკოვისკენ მიემართებიან.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ამბოხება, ღალატი და ზურგიდან დარტყმა. პუტინს კონკრეტულად პრიგოჟინი არ უხსენებია.
- რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული ამბოხების მუხლით.
- 24 ივნისს ღამით, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ მოსკოვიდან დაახლოებით 200 კილომეტრში იმყოფებიან, თუმცა, იმის გამო, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, უკან ბრუნდებიან „საველე ბანაკებში“.
- პრიგოჟინის ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბელარუსის ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას მთელი დღის განმავლობაში მოლაპარაკება ჰქონდა პრიგოჟინთან, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მსვლელობის შეწყვეტას დათანხმდა.
- 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და ის ბელარუსში წავა.
- პრიგოჟინის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.