Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია გვარამიას შეწყალებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ეს ფურცელი გადაიფურცლა


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია

რუსთავის #12 დაწესებულებასთან „მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ათეულობით ადამიანი ელოდება. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 22 ივნისს, შეიწყალა. ციხესთან იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ჩამოყალიბდეს სამართლიანი მართლმსაჯულება.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ფურცელი გადაიფურცლა ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად ამ ქვეყანაში წარსულს ჩავაბაროთ პოლიტიკური მართლმსაჯულება. მოქალაქეების უმრავლესობას კითხვის ნიშნები აღარ უჩნდებოდეს ამა თუ იმ სასჯელდადებული ადამიანის მიმართ რამდენად სამართლიანი ან უსამართლოა სასამართლო და პროკურატურა. ობიექტური და პირუთვნელი მართლმსაჯულება.

როდესაც ამას ჩვენ ყველანი ერთად მოვაწესრიგებთ, ქვეყანაში ბევრი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ჩემთვის ეს არის ამოსავალი წერტილი. სხვაგვარად, ერთი პოლიტპატიმარი ჩანაცვლდება მეორით და ასე გაგრძელდება უსასრულობამდე.

პოლიტიკას უნდა დაუბრუნდეს შინაარსი, მორალი; საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს მაღალი ხარისხის პატიოსნება და სიმართლე.

ჩემი აზრით, დღეს ძალიან მნიშვნელოვნად ბევრ ადამიანს, მათ შორის მე, მაწუხებს სიყალბის ხარისხი, რომელიც არსებობს საჯარო ცხოვრებაში", - თქვა ნიკა მელიამ.

შეკითხვაზე, ნიკა გვარამიას გათავისუფლება კორექტივებს ხომ არ შეიტანს ოპოზიციის საქმიანობაში, ნიკა მელიამ უპასუხა: „ნიკა გვარამია აქტიური ფიგურაა საზოგადოების ცხოვრებაში, მედიისთვის უმნიშვნელოვანესი პერსონაა და მე დარწმუნებული ვარ, მისი ენერგია, ძალისხმევა ფუჭად არ ჩაივლის. ის რა ნაბიჯებსაც გადადგამს, გათვლილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ".

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

„მთავარი არხის" დირექტორმა თამთა მურადაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გვარამიას პენიტენციური დაწესებულებიდან დღესვე გაათავისუფლებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.

ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.

2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

19 ივნისის განჩინებით, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამიას სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო (დაუშვებლად ცნო).

21 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც შეაფასა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრა ოთხშაბათს, 21 ივნისს, დახურულ კარს მიღმა წარიმართა. რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით, მედიის პლურალიზმი აღმოჩნდა ის ერთადერთი რეკომენდაცია, რაზეც, ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ აქვს პროგრესი. ევროკომისიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და ახსენეს ცვლილებების საჭიროება მაუწყებლობის შესახებ კანონში.

XS
SM
MD
LG