რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენებს ვერ იწყებს, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების არარსებობის გამო, უამბო „იზვესტიას“ წყარომ კომპანიიდან. ინფორმაცია დაადასტურა თანამოსაუბრემაც, რომელიც ვითარებას იცნობს.
Red Wings-მა ქართული მხარისგან მოსკოვი (დომოდედოვო)-ქუთაისის მიმართულებით და სოჭი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების შესრულების ნებართვა მაისში მიიღო.
გამოცემა „Известия“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 16 ივნისს ავიაკომპანიას ერთ რეისზე ჟუკოვსკი (მოსკოვის ოლქი)-თბილისის მიმართულებით ჰქონდა ნებართვა მიღებული. ქართულ მხარეს ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
„ჩვენ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს ნებართვას ველოდებით, ყველაფერი შეთანხმებული გვაქვს. ჩვენ ვართ რუსეთის რეგულარული გადამზიდავი და ქართული მხარე ყველა ჩარტერულ რეისზე თანახმაა. ჩვენთვის მტკივნეული საკითხია, რომ ფრენებს ვერ ვახორციელებთ, სეზონი კი მიდის“, - განაცხადა თანამოსაუბრემ.
„იზვესტიას“ Red Wings-ის პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობას ელიან და რეისები გასაშვებად მზადაა.
ის, რომ Red Wings-ი, ნებართვის მიუხედავად, საქართველოში ფრენებს ვერ იწყებდა, მანამდეც ცნობილი იყო. იუწყებოდნენ ასევე, რომ რუსი ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოში ავიარეისებზე ბილეთების მაღალი ფასით უკმაყოფილონი იყვნენ.
ამჟამად რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ავიარეისებს რუსული „აზიმუტი“ და ქართული Georgian Airways-ი ასრულებენ.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.