iStories-ისა და ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) ჟურნალისტთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო წრე აქტივების დამალვას საერთაშორისო სანქციების ფონზე, რომლებიც რუსეთს დაუწესეს ყირიმის უკანონო ანექსიისა და უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა 20 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადეს, რომ ისინი ეყრდნობიან 2013-2020 წლებში გაგზავნილ 50000-ზე მეტ გაჟონილ ელექტრონულ წერილსა და დოკუმენტს, რომლებიც ნათელყოფს, თუ როგორ გადააადგილებდნენ პუტინის ბავშვობის მეგობრები, მილიარდერი ძმები ბორის და არკადი როტენბერგები კომპანიებს მთელს მსოფლიოში, „როგორც ჭადრაკის ფიგურებს, ხსნიდნენ ახალ საბანკო ანგარიშებს და ხურავდნენ სხვებს, საკუთრების სტრუქტურები იცვლებოდა ახალი სანქციების ან მარეგულირებლების კითხვების საპასუხოდ“.
გამოძიება, რომელშიც 60-ზე მეტი ჟურნალისტი იყო ჩართული, არ აკონკრეტებს, თუ როგორ მოიპოვეს ელექტრონული წერილები. „როტენბერგების ფაილები აჩვენებს, რომ, სანქციების მიუხედავად, პუტინის ოჯახის წევრებმა და მისმა ახლობლებმა არა მხოლოდ თავიანთი ძვირადღირებული აქტივების საზღვარგარეთ შენარჩუნება შეძლეს, არამედ ისინი ახერხებდნენ გაეგრძელებინათ საკუთარ უცხოურ აქტივებში ინვესტირება“, - თქვა iStories-ის მთავარმა რედაქტორმა რომან ანინმა. IStories არის არაკომერციული მედიასაშუალება, რომელიც რუსეთის წამყვანმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დააარსეს.