Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო რუსეთში ღვინის მიწოდებით პირველ ადგილზეა - „კომერსანტი“


ფოტო არქივიდან: ღვინის თარო პეტერბურგის მაღაზიაში
ფოტო არქივიდან: ღვინის თარო პეტერბურგის მაღაზიაში

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ თანახმად, 2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, ღვინის მიწოდებით საქართველო რუსეთში პირველ ადგილზეა.

აპრილში იტყობინებოდნენ, რომ საქართველომ რუსეთში ღვინის ექსპორტის მაჩვენებლით გაუსწრო ესპანეთს, ახლა კი იტალიასთანაც დაწინაურდა.

რუსეთის საბაჟოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან რუსეთში 24.15 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, იტალიიდან - 23.36 მლნ ლიტრი. წლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი 63%-ით გაიზარდა, იტალიიდან - 32%-ით. ჯამში მთლიან მოცულობაში საქართველოს წილმა 19.1 %-ს მიაღწია, იტალიისამ კი - 18,5%-ს.

ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრ ლიპილინი ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთში ექსპორტმა 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა, გადახდისა და ლოგისტიკის პრობლემების არარსებობის გამო. მისი თქმით, ქართული ღვინის წილის ზრდა, ძირითადად, დაბალი და საშუალო ფასების სეგმენტში საცალო ქსელების საკუთარი იმპორტითაა განპირობებული. ქსელები მწარმოებლებთან პირდაპირ კონტრაქტებზე გადავიდნენ და შეუძლიათ თაროზე მინიმალური ფასის შეთავაზება, ამბობს АСТ-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ რაფაილოვი.

რუსეთში ღვინის ექსპორტის შესახებ მონაცემები საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, სამსახურის ცნობით, რუსეთში ექსპორტმა 69,1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 50%-ით მეტია გასული წლის ხუთ თვესთან შედარებით. 2022 წელს რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 64% იყო.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში ყურძნის ნატურალური ღვინოები, 103.5 მლნ. აშშ დოლარით (4.1 პროცენტი), მესამე ადგილზეა. პირველ ადგილი, 795.0 მლნ. აშშ დოლარით, უკავია მსუბუქი ავტომობილების ექსპორტს, რაც მთელი ექსპორტის 31.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს, 315.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.6 პროცენტი), იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები.

რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის 2012 წლიდან გაიხსნა. მას შემდეგ პერიოდულად, ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების მომიზეზებით, რუსეთიდან ბაზარზე ამ პროდუქტის შესაძლო აკრძალვის თაობაზე ისმოდა განცხადებები. მანამდე კი, 2006 წელს, რუსეთმა საქართველოდან ყველანაირი პროდუქციის იმპორტი აკრძალა. სანიტარული ნორმების მომიზეზებით მიღებული გადაწყვეტილების უკან მაშინ ორ ქვეყანას შორის გაუარესებული პოლიტიკური ურთიერთობები იკვეთებოდა.

XS
SM
MD
LG