Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მთავარი არ შესრულდა... დაგვცინიან" - მაღაროელები ჭიათურიდან თბილისში მიდიან


"ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ... სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - ამბობს გაფიცული მაღაროელი გიორგი კუპატაძე. ჭიათურა, მაღაროელების გაფიცვა, 19 ივნისი, 2023 წ.
"ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ... სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - ამბობს გაფიცული მაღაროელი გიორგი კუპატაძე. ჭიათურა, მაღაროელების გაფიცვა, 19 ივნისი, 2023 წ.

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილი მთავარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად თბილისში მიდის. გაფიცულები აღნიშნავენ, რომ კომპანიას მათ მიმართ დამცინავი დამოკიდებულება აქვს - არ ზრდის ხელფასს (მოთხოვნის შესაბამისად).

ერთ-ერთი მაღაროელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 40-მდე ადამიანი 13:00 საათიდან წავა ჭიათურიდან თბილისისკენ.

"ხელფასების მატება - მთავარი რაც იყო - იმას არ შეეხნენ, დანარჩენს ნაწილობრივ შეეხნენ. ხელფასი თითოეული მაღაროელის ტკივილია, გაჭირვებაა. მაღაროელები ისეთ საქმეს ასრულებენ, გმირები არიან და ჩვენ არ უნდა გვიჭირდეს. ვერ ნახავთ მაღაროელს, ბანკის ვალი რომ არ ჰქონდეს. მოდიან კომპანიიდან და რასაც ჰქვია, დასაცინად გვიგდებენ. დავიღალე ამ ყველაფრით და მატყუარა ხალხის დანახვა არ მინდა და ამოვიკერე თვალები. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, ასე ვიქნებით", - ამბობს კიდევ ერთი გაფიცული მაღაროელი, გიორგი კუპატაძე.

ჭიათურაში მაღაროელების პროტესტის მე-14 დღეს კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მზად არიან დასაქმებულებს მუშაობის ძველი სამუშაო გრაფიკით განახლება შესთავაზონ. ამას წინ უსწრებდა თანამშრომელთა მხრიდან პროტესტის უკიდურესი ფორმებით გამოხატვა: შიმშილობის დაწყება, თვალებისა და პირის ამოკერვა.

კომპანიის განცხადების მიხედვით, გუშინ, 18 ივნისს, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა და რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს:

  • "2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება - 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით";
  • "პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც";
  • "კომპანიაში აუდიტის ჩატარება".

გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელებს მთავარ მოთხოვნად დასახელებული აქვთ:

  • 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
  • ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
  • დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
  • დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
  • ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
  • ულუფის გაუმჯობესება;
  • უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.

კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.

XS
SM
MD
LG