ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები წერილით ეხმაურებიან კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს და იხსენებენ კულტურის სფეროში ბოლო წლებში განხორციელებულ მტკივნეულ ცვლილებებს. წერილს ათობით ხელმოწერა აქვს.
"გვახსოვს წიგნის ცენტრის დახურვა.
გვახსოვს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების დაუსაბუთებელი და უსამართლო გათავისუფლება და მეცნიერების საეჭვო გამოცდილების მქონე ხალხით ჩანაცვლება. მათთვის საცავებზე წვდომის შეზღუდვა.
გვახსოვს სამინისტროსთვის მიუღებელი ლიტერატურული პერიოდიკისთვის დაფინანსების შემცირება და საბოლოოდ შეჩერება.
გვახსოვს თეატრების ხელმძღვანელების გათავისუფლება და ხელისუფლების ერთგული ჩინოვნიკებით ჩანაცვლება.
გვახსოვს ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“, რომლის კონტროლიც სამინისტრომ სცადა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.
გვახსოვს გელათის გადარეცხილი და ასევე მიტოვებული ფრესკები.
და სხვა მრავალი" - ნათქვამია წერილში, რომლის ხელმომწერებიც თვლიან, რომ "სანაპიროს ქუჩაზე მდგარი კულტურის სამინისტროს შენობა იქცა ციხედ, სადაც ხმა აღარც შედის და აღარც გამოდის", "კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი კი მინისტრმა პირად ქონებად ჩათვალა და თავისი შეხედულებისამებრ ანაწილებს."
ლიტერატორები წერენ, რომ კინოცენტრი ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუციაა, რომელიც ქართულ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და როცა ამ ინსტიტუციაში სფეროსთან შორს მყოფი, არაკვალიფიციური და ხელისუფლების ნდობით აღჭურვილი კადრები ინიშნებიან, მნიშვნელოვანია კინოს სფეროში მომუშავე პროფესიონალების მხარდაჭერა.
"კინოცენტრიდან გაათავისუფლეს და ახლაც ათავისუფლებენ პროფესიონალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ წარმატებისთვის მუშაობდნენ. მათ ანაცვლებენ სასჯელაღსრულების ოფიცრებით და საეჭვო გამოცდილების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხით.
მოგიწოდებთ ყველას სოლიდარობისკენ - გუშინ მუზეუმი გაქრა, დღეს კინოცენტრი ქრება, ხვალ კი შეიძლება თქვენთანაც მოვიდნენ" - წერია დღეს, 16 ივნისს გავრცელებულ წერილში.
წერილს ხელს აწერენ:
- ეკატერინე ტოგონიძე
- ნინია ნადირაძე
- ნესტან კვინიკაძე
- რატი ამაღლობელი
- რატი მუჯირი
- ნინა სურამელაშვილი
- თამთა მელაშვილი
- მაია კუდავა
- ზვიად კვარაცხელია
- რუსუდან რუხაძე
- ლანა კალანდია
- თაკო ლონდარიძე
- თამარ კვიჟინაძე
- ნატო ალხაზიშვილი
- ნატო გორდელაძე
- შოთა იათაშვილი
- დალილა გოგია
- მიხეილ ციხელაშვილი
- ანა კოპალიანი
- ეკა ქევანიშვილი
- ზაალ ანდრონიკაშვილი
- ირაკლი კაკაბაძე
- თეონა დოლენჯაშვილი
- მანანა მათიაშვილი
- მარი ბექაური
- თეონა ჭანიშვილი
- ლექსო ქურხული
- ლელა კოდალაშვილი
- მაია ცირამუა
- ვასო გულეური
- ლელა დუმბაძე
- თორნიკე სიბაშვილი
- ტორესა მოსი
- ლაშა ბუღაძე
- მაკო ჯანჯიბუხაშვილი
- ნიკა ჩერქეზიშვილი
- ია ჯინჭარაძე
- გვანცა ჯობავა
- ნათია გიორგაძე
- ქეთი ქანთარია
- ზურა პაპიაშვილი
- ბესო სოლომანაშვილი
- გია გოკიელი
- გიო ლომიძე
- ხათუნა თავდგირიძე
- გიორგი შონია
- კოკა ქამუშაძე
- სოფიო შამანიდი
- ბელა ჩეკურიშვილი
- ლელა კურტანიძე
- ნათია მიქელაძე
- მარინა ცხადაია
- მაია ალუდაური
- გიორგი არაბული
- მათე სარალიშვილი
- ანი მილაშვილი
ხელმოწერები მასალის გამოქვეყნების დროს კვლავ გრძელდება.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი პროპაგანდისტული მედია პოსტ ტვ-ს წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია.