ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ახლა, როგორც არასდროს, საქართველოსთვის საჭიროა სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა.
„კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, ბატონო პრემიერო ღარიბაშვილო. ამ ისტორიული ევროპული პერსპექტივით თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, საქართველოსთვის ახალი ტრაექტორია დასახოთ, რომელიც თაობებს გასტანს", - წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ტვიტერზე გამოხმაურებაში იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი თავისი პირადი მხარდაჭერისთვის”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპელი პარტნიორები ხედავენ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და ასევე იმ ძალისხმევას და მონდომებას, რასაც ხელისუფლება სწევს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პირველ რიგში, გამოხატა მისი მადლიერება პრეზიდენტის მისამართით მისი ძალისხმევისთვის, რომელსაც ის სწევს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით... ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაც პრეზიდენტთან მოწმობს ამას, რადგან ეს შეხვედრები არის ძალიან ინტენსიური და ჩვენი მოსახლეობა ხედავს, თუ რაოდენ მოტივირებულია პრეზიდენტი მიშელი იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ წაიწიოს წინ", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი საქართველოს პრემიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის შეხვედრისას განხილვის თემა იყო ასევე 25 აპრილს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს, მანამდე ოქტომბერში ელიან გაფართოების შესახებ ევროკომისიის პირველ ანგარიშს საქართველოსთვის.