Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილს შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა


ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ), შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი (მარცხნივ), შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამუშაო სადილზე უმასპინძლა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.

„ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასში ნათქვამია, რომ „საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ალექსანდერ დე კროოსაც შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. "აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას".

საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი საქართველოს პრემიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შორის შეხვედრისას განხილვის თემა იყო ასევე 25 აპრილს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზეც.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს, მანამდე ოქტომბერში ელიან გაფართოების შესახებ ევროკომისიის პირველ ანგარიშს საქართველოსთვის.

XS
SM
MD
LG