Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: რუსეთის დანაკარგები ათჯერ ნაკლებია, "სპეცოპერაციის" მიზნები არ იცვლება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 26 მაისი, 2023.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 26 მაისი, 2023.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს ბლოგერებთან, ტელეგრამის არხების ავტორებთან და რუსული მედიის სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკანასკნელი კვირის განმავლობაში უკრაინის ჯარების შეტევის დროს რუსეთის დანაკარგები ათჯერ ნაკლები იყო, ვიდრე უკრაინისა, უკრაინამ კი ვერსად მიაღწია წარმატებას.

ამასთან, მას არ დაუსახელებია დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობა, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა 54 ტანკი დაკარგეს. უკრაინის დანაკარგი მან 160 ტანკით და 360-ზე მეტი ჯავშანმანქანით შეაფასა. პუტინი ამტკიცებს, რომ ეს არის „დაახლოებით 25-30% ტექნიკის იმ მოცულობისა, რომელიც საზღვარგარეთიდან იყო მიწოდებული“.

პუტინის ნათქვამს არ ადასტურებს დამოუკიდებელი მკვლევრების მონაცემები - დადგენილია, რომ უკრაინამ შეტევის დროს მართლაც დაკარგა ათობით ერთეული ტექნიკა (ისევე, როგორც რუსეთმა), მათ შორის დასავლური, მაგრამ პუტინის მიერ მოტანილი რიცხვების არანაირი დადასტურება არ არსებობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახან განაცხადა, რომ რუსეთი დიდ ზარალს განიცდის, - „ზუსტად ისეთს, როგორიც ჩვენ გვჭირდება“.

რამდენიმე დღის წინ პუტინმა ასევე ისაუბრა უკრაინის შეტევის წარუმატებლობაზე. თუმცა მას შემდეგ გავრცელდა ცნობები უკრაინელი სამხედროების მიერ დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რამდენიმე დასახლებული პუნქტის აღების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვი არ იყო დაინტერესებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებით, რაშიც მას უკრაინა ადანაშაულებს. პუტინის თქმით, რუსეთს არ ეშინოდა უკრაინის შესაძლო შეტევისა დნეპრზე გადასვლით. „უკეთესი იქნებოდა, იქ რომ შეეტიათ. ჩვენთვის უკეთესი, რადგან მათთვის ძალიან ცუდი იქნებოდა იქ იერიში. მაგრამ რადგან ასეთი წყალდიდობა მოხდა, შეტევა არ განხორციელებულა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება, რომ უკრაინა დნეპრის ფორსირებით იერიშს ამზადებდა ხერსონის ოლქში.

პუტინმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის სასაზღვრო ტერიტორიების დაბომბვაზე და უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებზე რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინა მათზე კომენტარს არ აკეთებს, რუსეთის ხელისუფლება კი მათში კიევს ადანაშაულებს. თუ დაბომბვა გაგრძელდება, თქვა პუტინმა, რუსეთი „განიხილავს უკრაინის ტერიტორიაზე ‘სანიტარული ზონის’ შექმნის საკითხს“. რა იგულისხმება და რა ძალებით შეიძლება შეიქმნას ასეთი „ზონა“, მან არ დააკონკრეტა.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობის შემოღებას აზრი არა აქვს. მისი თქმით, წვევამდელების ომში გაგზავნას „აზრი არ აქვს“. თუმცა, მან აღიარა, რომ „წვევამდელები იმყოფებიან ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში და იქ მათ უნდა შეასრულონ თავიანთი წმინდა მოვალეობა - დაიცვან სამშობლო“. როდის მოხდება მობილიზებულების დემობილიზება, უცნობია. პუტინმა თქვა, რომ მათ შვებულება მიეცემათ.

შეკითხვაზე, იცვლება თუ არა ე.წ. სპეცოპერაციის მიზნები, პუტინმა თქვა, რომ ისინი იცვლება გარემოებების გამო, მაგრამ ზოგადად უცვლელი რჩება. „დენაციფიკაციაზე“ საუბრისას მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი თეზისები სტეპან ბანდერასა და უკრაინის ხელისუფლებაში თითქოს მოსული ნეონაცისტების შესახებ. პუტინმა ასევე გაიმეორა დასავლეთის მიმართ ბრალდებები და თქვა, რომ მან „მოძმე ერები“ წაჰკიდა ერთმანეთს.

პუტინმა, ტენდენციური ისტორიული და გეოპოლიტიკური არგუმენტების გამოყენებით, გასული წლის 24 თებერვალს გამოაცხადა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყება - უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა. ომი წელიწადზე მეტია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში, თუნდაც ყველაზე ფრთხილი შეფასებით, ორივე მხრიდან დაიღუპა ათიათასობით ჯარისკაცი, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე. რუსეთმა მოახერხა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია, რომლის ანექსია გამოაცხადა. უკრაინამ შეძლო რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის გათავისუფლება. ბოლო დღეებში უკრაინა შეტევით ოპერაციებს ახორციელებს, მაგრამ, ექსპერტების აზრით, სავარაუდო იერიშის მთავარი დარტყმა ჯერ არ არის მიყენებული.

XS
SM
MD
LG