ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი თხოვნაზე მინსკისთვის ბირთვული იარაღის „დაბრუნების“ შესახებ. მისი თქმით, „ჯერჯერობით“ ლაპარაკია ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე, მაგრამ ბელარუსი ასევე ამზადებს მოედნებს სტრატეგიული რაკეტების განლაგებისთვის. მისი სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ბელარუსმა და რუსეთმა შესაძლოა დაარღვიონ ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.
როგორც ჟურნალისტებთან ლუკაშენკას საუბრიდან ირკვევა, მას მიაჩნია, რომ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყანაში განლაგებული ტაქტიკური საბრძოლო მასალის გამოყენების შესახებ. „ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღო თანამედროვე დროში. მაგრამ ყოყმანი არ იქნება, თუკი ჩვენ მიმართ აგრესია იქნება“, - განაცხადა პოლიტიკოსმა. მის სიტყვებს სააგენტო BelTA ავრცელებს.
ბელარუსში რუსეთის არმიის ტაქტიკური ბირთვული ჭურვების განლაგების შესახებ მარტში გახდა ცნობილი. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მინსკისთვის ბირთვული იარაღის გადაცემაზე არ იყო საუბარი. ახლა ლუკაშენკა ამბობს, რომ იარაღი რეალურად უბრუნდება ბელარუსს, სადაც ის 1996 წლამდე არსებობდა.
„თავიდან მე ვთხოვე პუტინს. შემდეგ დაბეჯითებით მოვითხოვე მეგობრულად - ჯერჯერობით ეს იარაღი (ტაქტიკური და არა სტრატეგიული) დამიბრუნე. ეს მეყოფა-მეთქი“, - თქვა ლუკაშენკამ. „ეს ჩემი მოთხოვნა იყო. რუსეთი არ მახვევდა მას თავს. რატომ? რადგან, როგორც თქვენ ყველანი ამბობთ, მსოფლიოში ჯერ არავის უომია ბირთვულ ძალასთან“.
ბელარუსი და რუსეთი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მონაწილეები არიან. ხელშეკრულების თანახმად, მისი თითოეული მონაწილე სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, სხვას არ გადასცეს და არც თვითონ მიიღოს ასეთი იარაღი. მათ შორის - პირდაპირი ან ირიბი კონტროლის სახით.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსი გახდა ყოფილი სსრკ-ს სამი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთი, რომელიც დათანხმდა ბირთვული იარაღის ნებაყოფლობით დათმობას. ქვეყანამ თავისი განზრახვა, გახდეს ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონა, პირველად 1990 წელს გამოაცხადა სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციაში. ბირთვული იარაღის რუსეთში გატანა 1996 წელს დასრულდა. მაშინ ლუკაშენკა უკვე ორი წელი იმყოფებოდა ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობაზე.