Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა


ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 5 აპრილი, 2023.
ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 5 აპრილი, 2023.

დიდმა ბრიტანეთმა ხუთშაბათს ბელარუსის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ხელშეწყობაში მინსკის როლის გამო. შემდგომი ზომები მოიცავს იმპორტის აკრძალვას და ინტერნეტით პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს, წერს Reuters-ი.

„ახალი პაკეტი ზრდის ეკონომიკურ ზეწოლას ალიაქსანდრ ლუკაშენკოსა და მის რეჟიმზე, რომელიც აქტიურად ეხმარება რუსეთის ძალისხმევას ომში, უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს კლევერლის განცხადებაში.

სანქციები მოიცავს ბელარუსიდან ოქროს, ცემენტის, ხე-ტყისა და კაუჩუკის იმპორტის აკრძალვას და ამავე დროს დიდი ბრიტანეთიდან ბელარუსში ბანკნოტების, სამრეწველო აღჭურვილობის, ასევე ისეთი საქონლის, ტექნოლოგიებისა და მასალების ექსპორტის ბლოკირებას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის დასამზადებლად.

რაც შეეხება ბელარუსული რესურსების მიერ „დიდ ბრიტანეთში პროპაგანდის გავრცელების“ წინააღმდეგობას, როგორც ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობიდან ირკვევა, ის გამოიყენებს სოციალური ქსელებისა და ინტერნეტპროვაიდერების გზით ასეთ ვებსაიტებზე წვდომის შეზღუდვას.

გათვალისწინებულია ასევე ნაბიჯები გაერთიანებული სამეფოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომის შესაზღუდად. ეს ზომები დაკავშირებულია სწრაფვასთან, არ დაუშვან სანქციების გვერდის ავლის შემთხვევები.

ბელარუსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში ეხმარება, მაგრამ უშუალოდ არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში. ამავე დროს ქვეყანაში განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი და სამხედრო ავიაცია.

მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ გამოაცხადა, რომ იწყება რუსეთის მიერ ბელარუსისთვის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გადაცემა. მანამდე, მარტში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა შესაბამისი გეგმების შესახებ და აღნიშნა, რომ ბელარუსში სათანადო საწყობის მშენებლობა 1 ივლისამდე უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG