Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დამნაშავესავით მექცეოდნენ“ - საქართველოში არ შემოუშვეს რეჟისორი რუსული პასპორტით


საქართველოში არ შემოუშვეს გვატემალელი რეჟისორი, რომელსაც რუსული პასპორტი ჰქონდა. რენატო ბორაიო სერანომ მორიგი მივლინების შემდეგ თბილისში დაბრუნება ვეღარ შეძლო. თბილისში ის 2022 წლის ბოლოდან ცხოვრობდა. სერანო არ გამორიცხავს, უარი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს - ის რადიო თავისუფლების ფრილანსერია, ასევე მუშაობს პროექტისთვის „სიცოცხლის ნიშნები“. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უარის მიზეზი არ განუმარტავთ. ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც სერანოს გადასცეს, რუსეთის მოქალაქეებისთვის ნაცნობი ფრაზა წერია - „სხვა მიზეზების გამო“.„ეხო კავკაზა“ რეჟისორს გაესაუბრა, ის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

-თქვენ რუსთში ათი წელი იცხოვრეთ. 2022 წლის იანვარში რეჟისორმა ვიტალი მანსკიმ თქვენთან საუბარი გამოაქვეყნა. ის იმ მიზეზებზე გეკითხებოდათ, რომლებიც რუსეთის დატოვებას გაიძულებდათ. უპასუხეთ, რომ თუ საყვარელი საქმის კეთების საშუალება არ გექნებოდათ, წახვიდოდით. როდის მიხვდით, რომ ეს დრო დადგა?

-დიახ, რუსეთში 2011 წლის ბოლოს ჩავედი - სასწავლო გრანტი მქონდა, ნავთობისა და გაზის სფეროს ინჟინერია უნდა მესწავლა. მაგრამ მოვახერხე მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში, კულტურის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. გრანტი იქ გადავიტანე და ხუთი წელი ვსწავლობდი. მარინა რაზბეჟკინისა და მიხაილ უგაროვის სახელოსნო დავამთავრე. 2017 წლიდან რუსეთში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, როგორც დოკუმენტური კინოს რეჟისორი.

2021 წელს სამშობლოში დავბრუნდი, გვატემალაში. იქ ჩემი საავტორო პროექტი გავაკეთე. წასვლისას ვგეგმავდი ევროპაში გადავსულიყავი. როდესაც ვიტალის ვესაუბრე, მაშინ უკვე ვხვდებოდი, რომ რუსეთში ყველა ინსტიტუტი ნელ-ნელა იშლებოდა.

რენატო ბორაიო სერანო
რენატო ბორაიო სერანო

უკრაინაში ომი რომ დაიწყო, გვატემალაში ფილმს ვიღებდი. მივხვდი, რომ ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც უკან ვეღარ დავბრუნდები. რეპრესიული ატმოსფეროსა და იმ კანონების გამო, რომლებიც სიტყვის თავისუფლებას ემუქრებოდნენ, რუსეთში ჩემი პროფესიით მუშაობა შეუძლებელი გახდებოდა.

-საქართველო რატომ აირჩიეთ? როგორ გრძნობდით თავს აქ რუსეთის შემდეგ?

-მიყვარს საქართველო. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის დიდი მეგობარი ვარ. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ტრადიციებს ძალიან დიდ პატივს ვცემ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქვეყანამ ადამიანის უფლებების კუთხით, საზოგადოების დემოკრატიზაციის კუთხით ძალიან დიდ შედეგს მიაღწია. ამიტომ მინდოდა ჩემი ბედი ამ ქვეყნისთვის დამეკავშირებინა. ქართული მენტალიტეტი ჩემთვის უცხო არ არის, ბევრი ქართველი მეგობარი მყავს. ეს ქვეყანა, რაღაც გაგებით, ჩემთვის უკვე მშობლიურია. დღეს რა რთული მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს, მაინც ვფიქრობ, საქართველოს აუცილებლად ექნება ევროპული მომავალი.

გადავწყვიტე, საქართველოში გავფრენილიყავი, რომ ჩემი საავტორო პროექტების გადაღება გამეგრძელებინა. ზოგი მათგანი რუსეთს უკავშირდება, სხვები - გვატემალას. საქართველოში ინდმეწარმის სტატუსი მაქვს. გადასახადებს ვიხდი. უახლოეს თვეებში ბრუნვა იმ დონეს მიაღწევდა, რომ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად განაცხადის შეტანის უფლებას მივიღებდი.

რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ფრილანსერად ვმუშაობ, მისთვის ფილმებს ვიღებდი, ფილმებს ადამიანურ ამბებზე, რომლებიც ასე თუ ისე რუსეთს უკავშირდება.

-რა მოხდა, როცა საქართველოში არ შეგიშვეს?

-მაშინ ერთი თვე ევროპაში ვიყავი, გერმანიისა და ბელგიის კინოფესტივალებზე ჩემი ფილმი მქონდა წაღებული „ივან იაპტუნეს ცხოვრება“. შემდეგ მივლინებით ამსტერდამში წავედი, იქ რადიო თავისუფლებისთვის და „ნასტოიაშჩეე ვრემიისთვის“ ფილმს ვიღებდი. ამის შემდეგ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე.

საზღვარზე საპასპორტო კონტროლის გავლისას, მთხოვეს დამეცადა. საზღვრის თანამშრომლის სისტემა კარგა ხანი მოშლილი იყო, სადღაც ორ საათამდე ვიცდიდი. ბოლოს გადმომცეს ქაღალდი, რომელზეც ეწერა, რომ საქართველოში შესვლაზე უარს მეუბნებიან - „სხვა მიზეზების გამო“.

უარის მიზეზი არც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა იყო, არც - საბაჟოსი. ვთხოვე, რამე აეხსნათ, მაგრამ ყველა თანამშრომელმა იუარა.

სერანო თბილისის აეროპორტში
სერანო თბილისის აეროპორტში

მთხოვეს, აეროპორტის სპეციალურ ოთახში გადავსულიყავი. იქ სრული სიბნელე იდგა. სადღაც დილის 4 საათისთვის ჩამოვედი, 7 საათზე იქ არც შუქი იყო, არც ფანჯარა, მხოლოდ ნარები ლეიბებით. შემომთავზეს იქ დავლოდებოდი რეისს, რომელიც უკან გამაბრუნებდა, მაშინ მითხრეს, რომ - სტამბოლში.

სპეციალური ოთახი თბილისის აეროპორტში
სპეციალური ოთახი თბილისის აეროპორტში

ტელეფონი და კომპიუტერი ჩამომართვეს. ვცადე ტელეფონი შემენარჩუნებინა - ის ჩემთვის გარესამყაროსთან კონტაქტის ერთადერთი საშუალება იყო. მეუბნებოდნენ, რომ ეს სპეციალური ობიექტია და მე უფლება არ მაქვს ვინმეს დავუკავშირდე. მაგრამ მე ხომ პატიმარი არ ვიყავი, კანონი არ დამირღვევია, დაკავშირება უმიზეზოდ ამიკრძალეს. ვცადე პოლიციის თანამშრომლებს შევკამათებოდი, მაგრამ მათ მიზეზიც არ აუხსნიათ, გამომართვეს და წავიდნენ.

-და სტამბოლში კი არა, ამსტერდამში გაგიშვეს...

-კი, ამ ოთახში 24 საათი ვიჯექი. რის შემდეგაც პოლიციის თანამშრომელმა თვითმფრინავისკენ წამიყვანა, აფრენამდე 5 წუთი იყო დარჩენილი. პასპორტი მე არა, სტიუარდესას მისცეს. თვითმფრინავს სტამბოლისკენ ჰქონდა გეზი, მაგრამ უკვე ჩამჯდარზე მითხრეს, რომ გზა ამსტერდამისკენ უნდა გამეგრძელებინა. თურქეთში ჩემი პასპორტი გიოქჩენის აეროპორტის თანამშრომლებს გადასცეს. მათ ამსტერდამისკენ მიმავალ თვითმფრინავში გადამიყვანეს. როცა იქ ჩავფრინდი, ნიდერლანდების პოლიციის თანამშრომლებმა პასპორტი დამიბრუნეს.

-საქართველოში მესაზღვრეებმა გკითხეს ვიზიტის მიზანზე? სად მუშაობდით? უარის მიზეზი რა გგონიათ?

-უცნაური სწორედ ისაა, რომ არც არაფერი უკითხავთ და არც არაფერი აუხსნიათ. რადიო თავისუფლების პრესბარათი მაქვს. ვეცადე, მეჩვენებინა. ვეცადე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს დავლაპარაკებიდი. არაფერმა გაჭრა. ჩემთან ლაპარაკი არავის სურდა. დამნაშავესავით მექცეოდნენ.

-როგორ ფიქრობთ, უარი თქვენს საქმიანობას უკავშირდება? გასაჩივრებას აპირებთ?

-დოკუმენტში, რომელიც გადმომცეს, ეწერა, რომ გასასაჩივრებლად 10 დღე მაქვს. აუცილებლად გავაკეთებ ამას. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის „არასაიმედო ელემენტი“ არ ვარ. გადასახადებს ვიხდი და კანონს არ ვარღვევ. მინდა და ვოცნებობ საქართველოში დაბრუნებაზე.

ვფიქრობ, ეს შეიძლება იმას უკავშირდებოდეს, რომ რადიო თავისუფლების ფრილანსერად ვმუშაობ. მაგრამ როცა არაფერს გიხსნიან, ძნელია გადაჭრით რამე თქვა. შეიძლება ეს ბიუროკრატიული ხარვეზის ბრალია, ყველაფერი შეიძლება იყოს.

სახიფათო ისაა, რომ არავინ არაფერი ამიხსნა, არც დამლაპარაკებიან.

საქართველომ შეიძლება ძალიან მოიგოს იმით, რომ იქ ახლა ძალიან ბევრი ნიჭიერი და აქტიური ადამიანი ჩადის. მინდა საქართველოში ცხოვრებისა და მუშაობის საშუალება მქონდეს.

  • საქართველოში სულ უფრო ხშირად არ უშვებენ რუს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და უფლებადამცველებს. ეს არის იმ ადამიანების არასრული ჩამონათვალი, ვინც ქვეყანაში შემოსვლაზე უარი მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში მიიღო: ანა რივინა, უფლებადამცველი და ფონდ „ნასილიუ.ნეტის“ დამფუძნებელი; ფილიპ ძიადკო - ჟურნალისტი და მწერალი; დმიტრი კატჩევი - ივან საფრონოვის ადვოკატი; მაქსიმ ოლენიჩევი - ადვოკატი; დარიანა გრიაზნოვა - უფლებადამცველი; ვიქტორ შენდეროვიჩი - მწერალი და პუბლიცისტი;ლიუბოვ სობოლი - რუსი ოპოზიციონერი; დმიტრი გუდკოვი - რუსი ოპოზიციონერი; ილია აზარი - ჟურნალისტი, დავიდ ფრენკელი - ჟურნალისტი, მიხაილ ფიშმანი - ჟურნალისტი, ალექსეი პონომარიოვი - ჟურნალისტი, ოლგა ბორისოვა - „Pussy Riot“-ის წევრი, მიტია ალეშკოვსკი - ჟურნალისტი.
  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

XS
SM
MD
LG