საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, გააუქმოს ის სანქციები, რომლებიც ქართველ მოსამართლეებს დაუწესა. ამის შესახებ მან საქართველოს სასამართლო სისტემაზე საუბრის დროს უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტში.
"ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს და ნული მტკიცებულება არის წარმოდგენილი. მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. აქედან გამომდინარე ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს. პირიქით, მოვუწოდებ, ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას, ვინაიდან არ შეიძლება მტკიცებულების გარეშე ადამიანზე შეტევა, თავდასხმა. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს", - თქვა პაპუაშვილმა.
5 აპრილს აშშ-მა მიიღო გადაწყვეტილება, სავიზო სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დამატებით განმარტა მოსამართლეთა სანქცირების მიზეზი და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ეს მოსამართლეები "საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში".
საქართველოს 3 მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებიდან ერთი კვირის თავზე, მათი კოლეგების ნაწილმა უარი თქვა აშშ-ში წასვლაზე იმ სასწავლო პროგრამით, რომელში მონაწილეობაზეც თავად შეიტანეს განაცხადი.