თბილისში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში - "ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში", რომელშიც უცხოელი მოსწავლეებიც სწავლობენ, ევაკუაცია გამოცხადდა. სკოლის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.
ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ ერთ-ერთი მშობლისგან მიიღო, რომელსაც ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობეს, რომ მის შვილს ევაკუაციის გამო გაკვეთილები არ უტარდებოდა.
რაიმე სახის ასაფეთქებლის არსებობა ჯერ არ დადასტურებულა. იმავე მშობლის ინფორმაციით, ახლა სკოლაში საგამოცდო პერიოდია.
"დილით ბრიტანულ-ქართულმა აკადემიამ მიიღო წერილი შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. ბრიტანულ-ქართული აკადემია და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები ევაკუირებული არიან უსაფრთხოდ ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე... არ მიხვიდეთ სკოლის ტერიტორიაზე", - წერია მშობლებისთვის გაგზავნილ წერილში.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაკავშირებას ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.