ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე უნივერსიტეტის დაზიანების მცდელობას უკავშირებს თავის და საგანმანათლებლო დაწესებულების წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას. უნივერსიტეტის მიმართ ბრალდებებს ორგანიზაცია "სტუდენტები სამართლიანობისთვის" ავრცელებს, ხელისუფლების მიმართ ლოიალური მედიასაშუალებები კი აშუქებენ.
ილიაუნის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ქეთევან ლაკირბაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ახალგაზრდების ამ ჯგუფის საქმიანობა თვალშისაცემი მათთვის რამდენიმე დღის წინ გახდა - მაშინ, როცა სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების გადაცემაზე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაუფორმა, ამ ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა.
"რაში დაიხარჯა თითქმის 320 მილიონი ლარი - პასუხგაუცემელი კითხვები და სტუდენტები ილიას უნივერსიტეტის რექტორის წინააღმდეგ. ახალგაზრდები ნინო დობორჯგინიძეს ფინანსური დოკუმენტაციის დამალვაში ადანაშაულებენ", - ასე წარადგინა ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა 29 მაისს გაშუქებული აქცია. სიუჟეტი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა.
გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტში ახალგაზრდების ამ ჯგუფის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფენ, დამატებით დასძენენ, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები არ არიან ამ უნივერსიტეტის სტუდენტები.
"კამპანია დაიწყო ბრალდებებით, ასახელებენ 318 მილიონს, რომ ეს თანხა გავფლანგეთ. არ ვიცით, ეს რიცხვი საიდან მოვიდა. შემოვიდა კითხვები, პასუხები გავეცით. მათ რაც მოითხოვეს, გავეცით", - ამბობს ქეთევან ლაკირბაია.
უნივერსიტეტის ნაერთი ბიუჯეტის დოკუმენტები წლების მიხედვით გამოქვეყნებულია ვებგვერდზე.
დღეს, 2 ივნისს კი, ახალგაზრდების ამ ჯგუფმა კიდევ ერთხელ მიიქცია იმ მედიასაშუალებების ყურადღება, რომლებიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მონიტორინგის მიხედვით, ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მაუწყებლებად არიან შეფასებული.
"მივმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ნინო დობორჯგინიძეს, უარყოს ან დაადასტუროს ფაქტი, არის თუ არა ნასამართლევი", - თქვა "რუსთავი 2-ისა" და "იმედის" ეთერში გასულ სიუჟეტებში ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, ენი ჩერქეზიშვილმა.
ამ მასალების ნახვის შემდეგ უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ფეისბუკში პოსტი გამოაქვეყნა.
"2010 წელს ნამდვილად შემემთხვა უმძიმესი ავარია, რომლის დროს დაიღუპა ჩემი ერთადერთი დისშვილი. ამ ამბავმა არა მარტო ჩემი, არამედ მთელი ჩემი ოჯახის, მათ შორის პატარა ბავშვების ცხოვრება შეცვალა...
დღევანდელი სიუჟეტით ბოლოს და ბოლოს გაირკვა რეალური მიზეზი, რატომ დაესხნენ თავს ილიას უნივერსიტეტს. არანაირი ფინანსური საფუძველი რომ არ არსებობდა, თავადაც კარგად იცოდნენ.
ეს წინასწარი მოსამზადებელი ფაზა იყო ჩემი ფსიქოლოგიური განადგურებისთვის და ამით უნივერსიტეტის, როგორც გამორჩეული ევროპული სივრცის, დაზიანებისთვის", - დაწერა რექტორმა.
რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დამატებით უთხრა, რომ მათ წინააღმდეგ კამპანია "უკავშირდება იმას, რომ ილიას უნივერსიტეტი არის ევროპული ღირებულებების უნივერსიტეტი".
ილიას უნივერსიტეტი ერთადერთი იყო საქართველოში, რომლის სტუდენტებსაც 24 მარტს საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი შეხვდა - 7-9 მარტის აქციების ფონზე, რომელშიც გარდამტეხი როლი ახალგაზრდების პროტესტმა იქონია, მინისტრმა სტუდენტებთან გასაუბრება თავად მოისურვა. შეხვედრა საქართველოში გერმანიის საელჩოს პროტოკოლით დაიგეგმა.