კიშინიოვში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა მედიის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხშირად ზელენსკისა და მისი მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები თანხვედრაშია საქართველოში მოქმედ „მტრულ ძალებთან" - „დესტრუქციულ ოპოზიციასთან".
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი ზელენსკი დაესწრო ამ შეხვედრას. ერთი რამ მინდა გავიმეორო ისევ: მე ძალიან განვიცდი იმას, რაც ხდება უკრაინაში - ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები, ყველანი დაზარალდნენ და ზარალდებიან ამ ბრუტალური და სასტიკი ომით. მე ერთი რამ მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას, მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.
რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომში არის და მე არ მინდა, გარკვეული სპეკულირების საფუძველი და საშუალება მივცე სხვა, ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს. ასევე დავამატებდი, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად ზელენსკის და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, მიიღოს სტატუსი და ეს იქნებოდა ჩემი კომენტარი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დაამატა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას.
„ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც მე ჩამოვიტანე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, იყო შემდეგი, რომ თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, რომ იხილონ მინიმუმამდე დაყვანილი, შემცირებული პოლარიზაცია, მე მათ ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, დაიყვანს მინიმუმამდე ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას. ეს ხარისხი ავტომატურად დაიწევს. მათ ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ, გაიზიარეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტზე იმყოფება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას საქართველოსთან ერთად ბელარუსი ახსენა და თქვა, რომ მათ რუსეთი "სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში" მიათრევს.