Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარჩიაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: „გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება"


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

კიშინიოვში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე საქართველოს შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მისი შეფასებით, „გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება".

მინისტრის აზრით, უკრაინელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს შესახებ ხშირია გაუგებარი განცხადებები. ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

„ტრადიციულად, ჩვენი პოზიცია გვაქვს და ჩვენი დამოკიდებულება უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში წამოსულ გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგან გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს მხარი დავუჭიროთ და გვერდში ამოვუდგეთ. საქართველოს საკითხი დღეს აქტუალური იყო როგორც მრგვალი მაგიდის ფორმატში, ისე გახსნის ცერემონიაზე. რამდენიმე ლიდერმა ისაუბრა საქართველოზე, საქართველოსთვის მხარდაჭერაზე და ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს კოლეგებთან ერთად ესაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნის ცერემონიაზე გამოსვლისას საქართველოსთან ერთად ბელარუსი ახსენა და თქვა, რომ მათ რუსეთი "სახელმწიფოებრივ განუკითხაობაში" მიათრევს.

XS
SM
MD
LG