Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სტატუსის მინიჭების საკითხზე ოპტიმისტურად არის განწყობილი


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა. მან თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ოპტიმისტურად არის განწყობილი. ამასთან, პრეზიდენტის ინფორმაციით, საქართველოში ჩამოსვლას აპირებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

„მე, როგორც იცით, ყოველთვის ვარ ოპტიმისტი. საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა ვთქვა ის, რომ ჩემი შეხვედრები აქ [ბრიუსელში] გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსი არის, ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც გვეკუთვნის ნამდვილად, - თქვა პრეზიდენტმა და დაამატა, - მე ასევე მივიღე, პირობას ვერ ვიტყვი, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურზულა ფონ დერ ლაიენმა, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას [საქართველოში]. ასევე [ევროპის] პარლამენტის თავმჯდომარეც [რობერტა მეცოლა] აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან ამ მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის არ უთქვამთ უარი და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ამის გამო შეგვიძლია მოვიქცეთ „ცუდად“. ეს არის ყველას გასაკეთებელი".

სალომე ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა საკუთარ სიტყვაზეც. „იმასაც დავამატებდი - ვისაც ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ", - აღნიშნა მან.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბრიუსელშია. 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.

XS
SM
MD
LG