საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, "მაგრამ მეტი შეიძლებოდა". საქართველოს პრეზიდენტმა 13 წლის შემდეგ პირველად მიმართა ევროპარლამენტს.
"ჩვენ არ ვართ იდეალურები, აქედან შორს ვართ. უკანასკნელი 2 წელია, მთავრობის მიმართ ჩემი გზავნილია, რომ საკუთარ ხალხს მოუსმინოს და ერთგული დარჩეს საარჩევნო დაპირებებისა უფრო მეტი ევროპისთვის.
12 რეკომენდაციიდან ზოგიერთი შესრულდა, მაგრამ მეტი შეიძლებოდა, მეტი უნდა გაკეთებულიყო და მომდევნო თვეებში ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო დავალება, რომ ხელიდან არ გავუშვათ მეორე შანსი, ის შანსი, რომელსაც ქართველი ხალხი არ გვაპატიებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.