საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, რომელსაც ასევე უსურვა კეთილდღეობა და განვითარება.
„ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებსა და მეგობრებს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ, ბედნიერებით და სიამაყით გეზეიმოთ მრავალი მიღწევა, წინსვლა და აზერბაიჯანმა გააგრძელოს წარმატებული, კეთილდღეობით სავსე განვითარება მომდევნო ათწლეულებში“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ ტვიტერში.
აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ, რომელსაც ამინ რასულზადე ხელმძღვანელობდა, დამოუკიდებლობა თბილისში, 1921 წლის 28 მაისს გამოაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს აკავშირებთ კეთილმეზობლური ურთიერთობები და მტკიცე მეგობრობა, რომელიც დაფუძნებულია მრავალწლიან ისტორიულ კავშირებზე და იმ რთულ გზაზე, რომელიც საქართველომ და აზერბაიჯანმა გაიარეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფოების მშენებლობის პროცესში.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. კავკასიაში უსაფრთხოების მთავარი ღერძი საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობით გადის. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ უსაფრთხოების გარემო რეგიონში. ამ ისტორიულ დღეს მინდა აღვნიშნო შეიარაღებული ძალების მნიშვნელობა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების დაცვის, არამედ ჩვენი ხალხების მშვიდობიანი არსებობის უზრუნველსაყოფის საქმეში. შეიარაღებული ძალები ქვეყნის სიძლიერე და სიამაყეა. მინდა აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს ვუსურვო ღირსეული სამსახური აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინაშე. კიდევ ერთხელ ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობისა და შეიარაღებული ძალების დღეს და ვუსურვებ მშვიდობას, წარმატებებს და კეთილდღეობას", - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.