Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილის თქმით, პუტინი ფრენებზე საუბრის დროს სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა


ფოტოკოლაჟი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი
ფოტოკოლაჟი: საქართველოს პრემიერ-მინისტრი და რუსეთის პრეზიდენტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უარყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩართული იყო რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებებში. ირაკლი ღარიბაშვილს დიასპორის ფორუმში მონაწილეობის შემდეგ კითხვები "TV პირველის" ჟურნალისტმა დაუსვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებაზე - რომელიც პირდაპირი ფრენების აღდგენაზე საქართველოს ხელისუფლების სურვილზე ამახვილებდა ყურადღებას.

"თქვენ ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. ჩვენ არ გვქონია, ოფიციალურ მთავრობას და ჩვენს ხელისუფლებას არ გვქონია არანაირი მოლაპარაკება. ჩვენი ძალიან დიდი დიასპორის წარმომადგენელები ითხოვდა ამას, ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, მე ვიცი, სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, 26 მაისს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია საქართველოს რეაქციით სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე.

"მომეჩვენა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დააყენა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. ჩვენ ეს ნაბიჯი წინ გადავდგით. მაგრამ ის, რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ჩვენი საქმე არ არის, ხალხმა თავად გადაწყვიტოს, რომელი გზა უნდა გაიაროს საქართველომ, როგორ განვითარდეს და ა.შ. მაგრამ ჩვენ მზად ვართ, გავიაროთ ჩვენი ნაწილი, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს წინ და გავაგრძელებთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ ჩვენი პარტნიორები ამაზე", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსეთის პრეზიდენტის სწორედ ეს განცხადება გაახსენა ჟურნალისტმა.

"მთავარზე მინდა გააკეთოთ აქცენტი, თუ ვინმე ითხოვდა ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი ხელისუფლება... ჩემი განცდა ასეთია, რომ ალბათ გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი სააკაშვილის მთავრობას", - უთხრა პრემიერმა ჟურნალისტს.

ამ საკითხზე საუბარი ირაკლი ღარიბაშვილმა დისასპორის ფორუმზე დაიწყო, რომლის ნაწილიც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მშვიდობაზე საუბარს დაუთმო.

"მათი [სააკაშვილის ხელისუფლების] დაჟინებული თხოვნა იყო, რომ ფრენები დაგვეწყო, აგერ არის ავიაკომპანია "ქართული ავიახაზები", ბატონი თამაზ გაიაშვილი, მოაყოლეთ, მე ვიცი ფაქტები, გააგზავნეს, დაავალეს, რომ ჩასულიყო, დაეწყო პირდაპირი ფრენები რუსეთთან, ომის შემდეგ ხდება ყველაფერი. ასევე ომის შემდეგ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთისთვის, მოითხოვა რამე სანაცვლოდ? მოეთხოვა თქვენთვის, ჩვენი მილიონი დიასპორისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა ფორუმზე.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანიამ, რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

XS
SM
MD
LG