ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ რუსეთს თბილისის გავლით ევროპის მიმართულებით სატრანზიტო რეისებს სთავაზობს. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ჯერჯერობით ამ მიმართულებით კონკრეტული გეგმები არ არის.
„ზუსტად ისე, როგორც მგზავრები მოსკოვიდან მიფრინავენ სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით სადღაც, ისინი შეძლებენ თბილისში მოფრენას და შემდეგ - სხვა ქალაქში", - თქვა მან.
გაიაშვილმა დააზუსტა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს არ აქვს სატრანზიტო ზონა, რაც, მისი თქმით, ტრანზიტული რეისებისთვის პრობლემას წარმოადგენს.
25 მაისს „ჯორჯიან ეარვეისის“ მენეჯმენტმა გაავრცელა განცხადება. მასში ნათქვამია, რომ საქართველო სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ შეასრულებს.
„საუბარი, რომ რუსეთიდან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები გამოიყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ლოკაციას, არ არის სწორი. აქამდე რუსეთიდან გამოფრენილი მგზავრებისთვის საქართველო სატრანზიტო ფანჯარა არ იყო, თუმცა ამ როლს დიდი ხანია უწყვეტად ასრულებდნენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც არიან თურქეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისრაელი, შუა აზიის სახელმწიფოები და ა.შ. ნამდვილი სატრანზიტო ჰაბი რეგიონში არის თურქეთი, NATO-ს წევრი ქვეყანა, საიდანაც რუსეთის მიმართულებაზე ყოველდღიურად ორმოცი რეისი სრულდება და, რომელზეც სატრანზიტო გადაზიდვების 70 პროცენტი მოდის. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე დაფრინავს სტამბოლის გავლით ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოებში. თბილისიდან სტამბოლში ყოველდღიურად ექვსი რეისი სრულდება.
ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადაზიდვებში დიდ როლს ვერ ითამაშებს. ჩვენი წილი 0, 00 პროცენტი თუ იქნება. საქართველოს სულ ცოტა ხუთი წელიწადი მაინც დასჭირდება, რომ ავიასატრანზიტო სახელმწიფოდ იქცეს, ისიც იმ შემთხვევაში თუ მოგვეცემა ამისი საშუალება. ასე რომ, ტყუილად და უსაფუძვლოდ ნუ ინერვიულებთ!
რაც შეხება სანქციებს, იგი მხოლოდ ჩვენზე ვერ გავრცელდება. ჯერ თურქეთს, გაერთიანებულ საამიროს, ისრაელს, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს უნდა დაედოთ და მხოლოდ შემდეგ მოაღწევს ჩვენამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული გამოცემა RTV, რომელიც თამაზ გაიაშვილს ესაუბრა, ასახელებს ხუთ ქალაქს (მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი), სადაც თბილისის გავლით მოსკოვიდან ავიამიმოსვლა იგეგმება.
თამაზ გაიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით.
მას რადიო თავისუფლებამ ასევე სთხოვა, უფრო მეტი დეტალი ეთქვა რუსულენოვან მედიაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, საქართველოს გავლით ევროპაში ტრანზიტული რეისების შეთავაზებაზე.
"მე მაინცდამაინც ბევრ მიმართულებას ვერ შევთავაზებ, თუ რაიმე მათთვის იქნება მისაღები, იმგზავრებენ. ახალ რეისებს არ ვგეგმავ, დანიშნულია დიდი ხანია", - თქვა მან.
დღევანდელი მდგომარეობით, ავიაკომპანია საქართველოდან დაფრინავს ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდში, კვიპროსში, ისრაელსა და საუდის არაბეთში.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა.