Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა სიურპრიზი გველოდება? - როგორ აფასებენ რუსეთთან ფრენების აღდგენას სოხუმსა და ცხინვალში


ფოტო არქივიდან: სოხუმის სანაპიროზე ხალხი ტელევიზორს უყურებს
ფოტო არქივიდან: სოხუმის სანაპიროზე ხალხი ტელევიზორს უყურებს

რუსეთმა ცოტა ხნის წინ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ავიამიმოსვლაც აღადგინა, რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზამ" ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სოხუმსა და ცხინვალში მოქალაქეებს აზრი ჰკითხა.

რას ფიქრობენ სოხუმში

ლეუან ლაგუაა: პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაა, ამ პროცესებზე ჩვენ გავლენას ვერ ვიქონიებთ, მაგრამ დასკვნები კი უნდა გამოვიტანოთ. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ნებისმიერ ქვეყანასთან ურთიერთობაში საკუთარი ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი სანქციებთან და საერთაშორისო იზოლაციასთან დაკავშირებით არის ის, რომ ახლა რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფანი და კომუნიკაცია. შესაბამისად, საქართველოსთან პოზიციების დაახლოებას შესაძლოა გაგრძელება ჰქონდეს. მაგალითად, თურქეთიდან რუსეთში საქონლის ტრანზიტის სახით საქართველოსა და აფხაზეთის რესპუბლიკის გავლით. ჩანს გარკვეული ტენდენცია. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათში მონაწილეობა მხოლოდ ჩვენი ინტერესებისა და სუვერენიტეტის დაცვის საფუძველზე შეგვიძლია.

ლუდმილა საღარია: ძალიან შემაშფოთა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში პრეტენზიის ერთ ერთი საგანი ყოველთვის აფხაზეთია, კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. 30 წლის წინ ედუარდ შევარდნაძემ ბორის ელცინთან შეთანხმებით, კოდური სახელწოდებით „ხმალი“, გადაწყვიტა აფხაზეთში ორ-სამ დღეში „დაემყარებინა წესრიგი“. რაც გამოვიდა, ყველასთვის ცნობილია. 1993 წლის დეკემბერში რუსეთმა და საქართველომ რუსული სამხედრო ბაზების განლაგების სანაცვლოდ, კვლავ მოაწერეს ხელი შეთანხმებას აფხაზეთისთვის ბლოკადის გამოცხადების შესახებ. შედეგად, 1999 წელს რუსეთი იძულებული გახდა, საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზები გაეყვანა. არც საქართველოს და არც რუსეთს აქედან არაფერი მოუგია. ახლა კი შიშით მეფიქრება, ჩვენთვის არასასარგებლო რა სიურპრიზს შეიძლება ველოდოთ? ერთი რამ ცხადია, შედეგი არ იქნება, სანამ ჩვენი ბედის გადაწყვეტისას, აფხაზეთს ანგარიშს არ გაუწევენ, როგორც თანაბარ მოთამაშეს.

ბაგრატ ოტირბა: რამდენადაც მახსოვს, საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტისა და ზოგადად, ნებისმიერი კონტაქტის შეწყვეტის თაობაზე ინიციატივა ქართული მხრიდან მომდინარებდა. ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციამ რაღაც განაახლა, დიდ შეშფოთებას არ იწვევს, ამიტომ მშვიდად ვიღებ.

საიდა ხაჯიმი: ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდები. დღევანდელი პოლიტიკა არაპროგნოზირებადია. ისე სწრაფად იცვლება, თვალ-ყურის მიდევნებაც ჭირს. ამავდროულად, ჩემი სიფრთხილე უკავშირდება იმას, რომ რაღაც პოლიტიკურმა პროცესებმა შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ითამაშოს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საშინაო პოლიტიკა, უნდა იყოს სტაბილურობა ქვეყანაში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ამისთვის კი, ვფიქრობ, გვაქვს ყველაფერი -როგორც ადამიანური, ასევე საკადრო რესურსი. ერთადერთი ისაა, რომ ამ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოგვივა. ისეთ არასტაბილურ სამყაროშიც კი, როგორიც დღესაა, ჩვენ შევძლებთ გავუძლოთ და შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და შევინარჩუნოთ მეგობრული ურთიერთობა მეგობრებთან და ფრთხილი ურთიერთობა მტრებთან.

რომა ხაშბა: ეს რომ შევიტყვე, გამიხარდა, იმიტომ რომ ხალხმა მშვიდობით უნდა იცხოვროს. თუ ისინი საერთო ენას პოულობენ, თუ ძველი, კეთილი ურთიერთობები ბრუნდება, ეს კარგია. ერთადერთი ცოტა მაშფოთებს, თუმცა ასე არ მოგვექცევიან. კეთილად, როგორც ადრე, ვისურვებდი ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდეს, რომ ერთმანეთს პატივს ვცემდეთ, რომ გვაღირონ და გავაგრძელოთ ცხოვრება. არავითარი წინაღობა არ უნდა არსებობდეს, არავითარი ვიზა არ უნდა იყოს.

ასტამურ ახბა: დადებითად ვაფასებ, ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ. კარგია, როცა ჩვენი მეზობლები ურთიერთობებს ალაგებენ და მათთან ყველაფერი მშვიდობიანად გამოდის. არავის სურს, რომ ვინმე ვინმეს ემტერებოდეს. ვისურვებდი, ყველგან იყოს მშვიდობა, მათ შორის ჩვენთანაც.

რას ფიქრობენ ცხინვალში

თეიმურაზი: საერთოდ, ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს საქმეა. მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმება, ფრენების აღდგენა, „აზიმუტის“ საიტიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაქრობა, ჩემთვის გაუგებარია. ეს გარკვეულ შეკითხვებს ბადებს. პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლების პოზიციაა გაუგებარი. უახლოეს პერიოდში შეიძლება არც არაფერი შეიცვალოს, მაგრამ ხვალინდელ დღეს რაც შეეხება - არ ვიცი. ეს მაშფოთებს, რისთვისაა ეს ყველაფერი? არ გაგვცვალონ კიდევ ერთხელ დიდ თამაშში.

ზიტა: ავიამიმოსვლა აქ არაფერ შუაშია, არ მგონია, ამან ჩვენზე იმოქმედოს, მაგრამ, ფაქტია, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ლაგდება. ყოველთვის მეგონა, რომ კიდევ ერთხელ რაღაც მოხდება, იმიტომ რომ ეს სადაო მიწაა. რამე გვემუქრება? მოცემულ ეტაპზე არ მგონია, მაგრამ ოდესღაც კონფლიქტი იქნება. თუ ისტორიას გადავხედავთ, ოსეთს რუსეთიც კი არ უჭერდა მხარს, რუსეთმაც გვიღალატა ბევრჯერ და ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს.

ვერა: სამხრეთ ოსეთისთვის არავითარი შედეგი არ ექნება, თუ ღმერთი გწამთ, არ არის მიზეზების ძებნა საჭირო. რატომ უნდა მიჰყიდოს აუცილებლად რუსეთმა სამხრეთი ოსეთი საქართველოს?! უბრალოდ სასაცილოა! ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. ეს ხომ ნათელი სვლაა - საქართველოს სამოქმედო ჯაჭვი შეუმოკლეს, ყველაფერს საქართველოს პრეზიდენტი არ წყვეტს, ხალხსაც უნდა ვკითხოთ.

ალანი: არავითარი შედეგები არ ექნება. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით როგორც რუსეთთან, ასევე საქართველოსთან. ზოგადი პოლიტიკური ვითარებაა და ეს ასეც იქნება. დანარჩენი მერე ვნახოთ. რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება.

სოფია: საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო თბება. ადრე თუ გვიან, ეს შეიძლება რაღაცაში გადაიზარდოს. როცა რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას აპირებდა, საქართველო წინააღმდეგი იყო. და იყო ზეპირი შეთანხმება, რომ თუ საქართველო დათანხმდებოდა, რუსეთი მასთან ვალში იქნებოდა. ვფიქრობ, ორმხრივი სარგებელი აქვთ. სხვა შემთხვევაში რუსეთი არ დათანხმდებოდა. უბრალოდ არაფერი არ ხდება და მით უმეტეს, სამხრეთ ოსეთის სასარგებლოდ. ჩვენ ცალკე სახელმწიფო უნდა ვიყოთ, ამისთვის არ ვიხოცებოდით?! ყველა ქვეყანა დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის, ჩვენ კი სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლას ვცდილობთ, რისთვის? რა მნიშვნელობა აქვს რუსეთის უღლის ქვეშ იქნები თუ საქართველოსი? იმდენად დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ, სულ ერთი იყოს, იარსებებს თუ არა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ ცხინვალის რეგიონში.

XS
SM
MD
LG