თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" მისი ყოფილი ტელეწამყვანისთვის, დიანა (დიკო) ჯოჯუასთვის თანხის გადახდა დააკისრა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა ჟურნალისტის ადვოკატმა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტმა თეო ზაქარაშვილმა.
ადვოკატის თანახმად, ტელეკომპანია უარს ამბობდა ყოფილი ტელეწამყვანისთვის გადაეხადა ის თანხა, რომელიც ხელფასის სახით ეკუთვნოდა ნამუშევარი დღეებისთვის - "ხელფასის ბოლო ჩარიცხვიდან მის ბოლო სამუშაო დღემდე".
გარდა ამისა, ადვოკატი ასევე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხი ვალდებულია ყოფილ თანამშრომელს გადაუხადოს კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელიც მას დაეკისრა დიკო ჯოჯუას გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
რადიო თავისუფლებამ სცადა დაკავშირება შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" დირექტორთან, პაატა სალიასთან. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
"მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერცერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერავითარი გამართლებით ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მოსამსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ, გითხრათ "ნახვამდის".
ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა. მე არ ვიმუშავებ ტელევიზიაში, საიდანაც ვეღარ გეტყვით, რეალურად რა ხდება ქვეყანაში, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება", - თქვა ჯოჯუამ ტელეარხ "რუსთავი 2-ზე" თავის ბოლო ეთერში.
2019 წელს, რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის შემდეგაც ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2-ის" 100%-იანი წილი გადაიფორმა. წილების გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე, არხიდან გაათავისუფლეს ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე.
არხიდან წასულმა და გათავისუფლებული ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა, მათ შორის დიკო ჯოჯუამ, მუშაობა დაიწყო "მთავარ არხზე", რომელიც "რუსთავი 2-ის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დააფუძნა.