ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ამბობს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 ათასი ლარის გადახდა დააკისრა წინა სამსახურისთვის, "რუსთავი 2-სთვის", საიდანაც იგი გაათავისუფლეს. ჟურნალისტი სამი მოსამართლის (ოთარ სიჭინავა, გოჩა ჯეირანაშვილი და ლაშა თავართქილაძე) გადაწყვეტილებას "უკიდურესად სამარცხვინოს" უწოდებს.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება. უფრო ზუსტად, კვესიტაძეს დაეკისრა არხისთვის 25 ათასი ლარის გადახდა, "რუსთავი 2"-ს კი ყოფილი თანამშრომლისთვის 13 ათასი ლარის ანაზღაურება - იმ თანხის, რომელიც მას ტელეარხზე მუშაობის დროს შრომის ანაზღაურებად არ ჰქონდა მიღებული.
"2019 წელს პაატა სალიამ ["რუსთავი 2"-ის დირექტორმა] სრულიად დისკრიმინაციულ საფუძველზე არათუ ჩემი კუთვნილი ხელფასი არ გადამიხადა, არამედ პრესკონფერენციაზე გაგვათავისუფლა 5 ჟურნალისტი და პროდიუსერი იმ მოტივით, რომ ჩვენ მის საინფორმაციო პოლიტიკას არ ვეთანხმებოდით. ანუ "რუსთავი 2"-მა ხელფასი არ მომცა, სამსახურიდან გამომაგდო და ერთი წლის თავზე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, რომ მე ჩემი ნებით წავედი და კონტრაქტი ცალმხრივად გავწყვიტე", - წერს კვესიტაძე ფეისბუქში.
ჟურნალისტის უფლებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. ორგანიზაციაში ხვალ, 18 მაისს, ამ საკითხზე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავენ.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დირექტორმა პაატა სალიამ, ინტერესთა კონფლიქტის არგუმენტით, ეკა კვესიტაძე 2019 წლის აგვისტოში სხვა ჟურნალისტებთან ერთად გაათავისუფლა სამსახურიდან - ეს ტელევიზიაში მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ მოხდა. საია მიიჩნევს, რომ ეკა კვესიტაძე სხვა ცნობილ ჟურნალისტებთან ერთად გახდა დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, დამსაქმებლის მთავარი მიზანი კი მისი და მისი კოლეგების სამაგალითო დასჯა იყო, ჟურნალისტების კრიტიკული პოზიციის გამო.
თითქმის ერთი წლის წინ ამ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლომაც. მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ეკა კვესიტაძის სარჩელი "რუსთავი 2-ის" წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა - ჟურნალისტი ითხოვდა მისი არხიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, აღდგენას, იძულებითი განაცდურისა და ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების (დავალიანების და საშვებულებო პერიოდის ანაზღაურების) გადახდას.
მოსამართლემ კანონიერად მიიჩნია მისი გათავისუფლება "რუსთავი 2-დან" და სამაუწყებლო კომპანიას მხოლოდ ნამუშევარი პერიოდის სახელფასო ანაზღაურების გადახდა დაავალა. ამავდროულად, ჟურნალისტს დააკისრა 25 000 ლარის გადახდა შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის ("მთავარ არხზე" მუშაობის დაწყებისთვის).