Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერსონალური სანქციები არავის მიმართ დაგვიწესებია, სანქციებში შემავალთა ბაზაც არ არსებობს საქართველოში - მდინარაძე


მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი
მამუკა მდინარაძე, "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის თავმჯდომარის მესიჯს იმეორებს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ქვეყანაში შემოშვებაზე ამბობს, რომ საქართველოს პერსონალური სანქციები არავისთვის დაუწესებია.

"ელემენტარულად, სანქციებში შემავალი ადამიანების ბაზაც არ არსებობს საქართველოში", - აღნიშნავს მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბარში. მისივე თქმით, საქართველოს საზღვარზე მესაზღვრე "ოკუპაციის შესახებ კანონით" ხელმძღვანელობს:

"შეცდომებისგან არცერთი სახელმწიფო არაა დაზღვეული, თუმცა "ოკუპაციის შესახებ კანონის" დარღვევის ფაქტებზე არის სპეციალური ბაზა. მასში მოხვედრილი ადამიანს თუ ამოუგდებს მესაზღვრეს, ბუნებრივია, ის მას აღარ შემოუშვებს".

იგი ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური მას "ქორწილის გადადებას" ვერ დაჰპირდებოდა.

"ქორწილის მეორე დღე გადაიდო", - აი, ამ ნაცურ ნარატივში ჯდება, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი. ასეთ არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს და ამავდროულად - არასწორს. მისი განცხადება ტყუილ ინფორმაციას შეიცავს. შეუძლებელია, ვახტანგ გომელაურს ეთქვა, რომ ის გადადებდა ქორწილის მეორე დღეს", - ამბობს მდინარაძე.

მდინარაძის მსგავსად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ თუკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ოჯახის წევრებს "ოკუპაციის შესახებ კანონი" დარღვეული არ ჰქონდათ, საბაჟო სამსახურს მათი შემოშვება შეეძლო.

ლავროვის სანქცირებული შვილისა და სიძის საქართველოში შემოშვებაზე კომენტარისას კობახიძემ თქვა ისიც, რომ ოჯახის წევრების სანქცირება ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

"თეორიულადაც რომ განვიხილოთ ვინმეს პერსონალური სანქცირება, ეს შეიძლება, შეეხებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქციები ეხებოდეს, ზოგადად, ოჯახის წევრს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გუშინ, 20 მაისს, სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით თელავში დააკავეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია - ის თელავის სამხარეო პოლიციასთან ყვარელში დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა. ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია, გადაყვანილი.

20 მაისს ორბელიანის სასახლეში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს".

XS
SM
MD
LG