Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოკუპაციის კანონი" თუ არ დარღვეულა, საფუძველი არ გვქონდა, არ შემოგვეშვა ისინი - კობახიძე ლავროვის ოჯახის წევრებზე


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუკი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს "ოკუპაციის შესახებ კანონი" არ ჰქონდათ დარღვეული, საბაჟო სამსახურს შეეძლო მათი ქვეყანაში შემოშვება.

ჟურნალისტებთან კომენტარისას მან აღნიშნა, რომ "ოკუპაციის შესახებ კანონია" მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი უწყებებისთვის და არა საერთაშორისო სანქციები.

"საქართველო არაა მიერთებული სანქციებს, ჩვენ არ გვაქვს დაწესებული სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის, არსებობს "კანონი ოკუპაციის შესახებ". ამ შემთხვევაში, თუ არ დარღვეულა "ოკუპაციის შესახებ კანონი", რა თქმა უნდა, საბაჟო სამსახურს არ ჰქონდა საფუძველი იმისა, რომ კონკრეტული პირები არ შემოეშვა, დანარჩენზე კონკრეტული უწყებები გასცემენ პასუხს.

პერსონების სანქცირებაზე მინდა განვმარტო ორი რამ: პირველი - როდესაც ჩვენ არ ვუერთდებით სანქციებს, ამაში იგულისხმება, მათ შორის, პერსონალური სანქციებიც. მეორე - თეორიულადაც რომ განვიხილოთ პერსონალური სანქცირება ვინმესი, ეს შეიძლება, შეეხებოდეს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არ შეიძლება, სანქციები ეხებოდეს, ზოგადად, ოჯახის წევრს. ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. მე ვარ ადამიანის უფლებების სპეციალისტი, გერმანიაში მაქვს ნასწავლი ეს სფერო", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

გუშინ, 20 მაისს, სასტუმრო "ყვარლის ტბის" მიმდებარედ მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა. ის მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით თელავში დააკავეს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია - ის დაკავებულებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა. ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

20 მაისს ორბელიანის სასახლეში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს".

XS
SM
MD
LG