Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს გაიმართება


საპროტესტო აქცია სასტუმრო "ყვარლის ტბასთან." 20 მაისი, 2023 წელი
საპროტესტო აქცია სასტუმრო "ყვარლის ტბასთან." 20 მაისი, 2023 წელი

კახეთში, სასტუმრო "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 20 მაისს გამართული აქციის დროს დაკავებულთა სასამართლო პროცესები დღეს გურჯაანის, სიღნაღის და თელავის რაიონულ სასამართლოებში გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას დაკავებულთა ნაწილის ადვოკატმა, ბაადურ გულიაშვილმა განუცხადა. ის ახლა გურჯაანის სასამართლოში იმყოფება, თუმცა დაზუსტებით არ ეუბნებიან, როდის დაიწყება პროცესი.

"როგორც მითხრეს, დაკავებულების ნაწილი ორი საათის წინ თელავიდან და საგარეჯოდან წამოიყვანეს სასამართლოზე, მაგრამ მე ადგილზე ვარ და ჯერ არვინ მოუყვანიათ", - თქვა ადვოკატმა.

დაკავებულთა ნაწილის უფლებებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეო ზაქარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზოგ მათგანს დაზიანებები აღენიშნება.

"ეს დაზიანებები მიღებული აქვთ დაკავების პროცესში. მშვიდობიანი პროტესტი იყო და დაკავება, შეიძლება ითქვას, რომ მოხდა ძალის გადამეტებით", - თქვა ზაქარაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სულ 19 პირი იყო დაკავებული. ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება 18 მათგანი. ერთი, ირაკლი ეძგვერაძე, რომელიც "ნაციონალური მოძრაობიდან" თბილისის საკრებულოს წევრია, 20 მაისსვე გაათავისუფლეს. ეძგვერაძის სასამართლო პროცესი 25 მაისისთვის გადაიდო.

ერთ-ერთი ბოლო, ვინც 20 მაისის აქციაზე დააკავეს, არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა. ლაშა მაშინ დააკავეს, როდესაც საგარეჯოს პოლიციასთან სხვა დაკავებულების მოსანახულებლად მივიდა.

საგარეჯოს გარდა, დაკავებულები იმყოფებიან გურჯაანის და თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორებში. მხოლოდ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა არიან გადაყვანილი ზაჰესში. მათი პროცესი თელავში გაიმართება.

საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

XS
SM
MD
LG