Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მიდიან


მსვლელობა გმირთა მოედნისკენ
მსვლელობა გმირთა მოედნისკენ

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.

მანამდე მათ ერთსაათიანი ვადა მისცეს მთავრობას ორი მოთხოვნის შესასრულებლად - 22 საათამდე მიეღოთ გადაწყვეტილება და გაეთავისულებინათ კახეთში დაკავებული პირები და გაექმებინათ რუსეთთან პირდაპირი ფრენები.

აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირს მიუყვებიან და სკანდირებენ:

"გამოდით, გამოდით, გამოდით!"

„მეგობრებო, გთხოვთ გამოხვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაიღვიძებთ რუსეთში".

"თუკი გადარდებთ საქართველოს დამოუკიდებლობა, გთხოვთ, გამოდით!"

"არა რუსულ ფრენებს!"

"მივდივართ გმირთა მოედნისკენ სიმბოლურად, რომ ჩვენს გმირებს ვუთხრათ, რომ არა, რუსებს არ მოვუშვებთ".

პარლამენტის წინ აქცია გზავნილით „არა რუსულ ფრენებს“ საღამოს რვა საათზე დაიწყო. აქცია მეორე დღეა გრძელდება.

დემონსტრანტები აპროტესტებენ როგორც საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც რუსეთის ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების განხორცილების შესაძლებლობა მისცა, ისე ეწინააღმდეგებიან რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 10 მაისის განკარგულებებს, რომელთა შედეგადაც 19 მაისიდან აღდგა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა.

რაც შეეხება დაპატიმრებულ აქციის მონაწილეებს, 20 მაისს, ყვარელში, სასტუმრო "ყვარლის ტბასთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 16 პირი დააკავეს.

ყვარელში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სადაც მათი საქორწინო წვეულება იგეგმებოდა.

XS
SM
MD
LG