ყვარელში, სასტუმრო „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
აქციის დასრულებამდე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასტუმროს ტერიტორიაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების შეშვებას ითხოვდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებმა ნამდვილად დატოვეს სასტუმრო და საქართველოს ტერიტორია:
„ჩვენ პრეზიდენტის განცხადების არ გვჯერა. მოგმართავთ მშვიდად და წყნარად, ჩვენთან არის ორი გენერალი ჭანკოტაძე და ჯანაშია. შეუშვით ეს ადამიანი სასტუმროს ტერიტორიაზე რათა, ჩვენ, ყველა დავრწმუნდეთ, რომ იქ არ არიან ლავროვის ნათესავები, სხვა შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ისინი კვლავ აქ არიან და შესაბამისად, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ“.
კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის განცხადებით, სასტუმროს ტერიტორიაზე ვერავინ შევიდოდა, ვისაც სასტუმროს ჯავშანი არ ჰქონდა.
ამის შემდეგ "ყვარლის ტბასთან" შეკრებილებმა აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი გადაინაცვლებენ წინასწარი დაკავების იზოლატორებთან თელავსა და საგარეჯოში.
„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დღეს დილიდან მიმდინარეობდა. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და სასტუმროში იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით 16 ადამიანი დააკავეს. დაკავებულები გურჯაანის, თელავის, სიღნაღისა და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორებში არიან გადაყვანილები.
20 მაისს, ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან პირობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს.