12 არასამთავრობო ორგანიზაცია ყვარელში მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადვოკატებს კახეთში დაკავებულ აქტივისტებთან არ უშვებენ.
ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს, დაუყოვნებლივ მისცენ ადვოკატებს დაკავებულებთან შეხვედრის შესაძლებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქმედება აღქმული იქნება დაკავებულების დაცვის უფლების შეზღუდვად.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაც, რათა გამოეხმაუროს ადვოკატების საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს.
„ყვარელში მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 10-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები. დაკავებულები გადაყვანილნი არიან თელავის პოლიციის შენობასთან. არასამთავრობო ორგანიზაციების ადვოკატები დაკავებული პირების უფლებების დასაცავად პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, თუმცა, მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი დაცვის ქვეშ მყოფი პირების უფლებების დაცვაში. პოლიცია ადვოკატებს არ აძლევს შესაძლებლობას, მოინახულონ დაკავებულები. ასევე, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტი ორი საათის განმავლობაში ელოდებოდა დაკავებულთან შეხვედრას, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კლიმიაშვილმა მას იძულებით დაატოვებინა პოლიციის შენობა. ამ დროისათვის ადვოკატებისათვის უცნობია, რა მდგომარეობაში იმყოფებიან დაკავებული აქტივისტები. დაკავებულების უფლებები განგრძობითად ირღვევა”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყვარელში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები, რაც წვრილმან ხულოგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულები გადაყვანილები არიან გურჯაანის, თელავის, სიღნაღისა და საგარეჯოს წინასწარი დაკავების იზოლატორებში. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტს აწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრის პრეს-სამსახური.
20 მაისს, დილიდან, „ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახეთში, სასტუმროში „ყვარლის ტბა“, ქმართან ერთად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
აქციის მსვლელობისას სამართალდამცავებმა ადგილზე 16 პირი დააკავეს.
მოგვიანებით, თელავის სამხარეო პოლიციასთან დააკავეს „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დაკავებულ აქტივისტებთან ადვოკატების შეშვებას ითხოვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მას სამართალდამცავები წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
დაკავებული პირების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ისინი ვერ არკვევენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ადგილსამყოფელს. ადვოკატები ვერ არკვევდნენ სად იმყოფებოდა ელენე ხოშტარიაც.
ცოტა ხნის წინ მოძრაობა "დროამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ელენე ხოშტარია თბილისში, ავჭალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.