Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერ დავუშვებ, ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, ქართველი ხალხის ქსენოფობიაზე დაიწყოს საუბარი - ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებასა და შეფასებებს, რომელმაც კახეთში, სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ განვითარებულ მოვლენებს „ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა" უწოდა.

გარდა იმისა, რომ მსგავსი შეფასება სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელია, ის ირაკლი კობახიძის ამ განცხადებაში საფრთხეებსაც ხედავს:

„არ მჩვევია განცხადებებზე პასუხი და პინგ-პონგი, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რო საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის მაგალითი მისცა მსოფლიოს, როცა წელიწადნახევარია ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს 70 ათასს თუ 80 ათასს ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა, არ მივცემ მას უფლებას, რომ ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ ვერავინ დაგვწამა ქსენოფობია, მან დაიწყო ამაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვეულებრივი თემა რუსეთის, რომ ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყანაში. თუ ბატონო კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. არც საზოგადოება და არც მე და სადაც საზოგადოებაა, იქ ვიქნები მე“.

ირაკლი კობახიძემ 20 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მმართველი გუნდი წინასწარ აკეთებდა პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა.

ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის სტუმრობასა და კახეთში, საქორწინო წვეულების გამართვის მცდელობას, რასაც საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა:

„რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია – მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ეს იყო თავიდან, როცა დაიწყო ომი და როცა შემოვიდა გარკვეული ნაკადი ადამიანებისა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. შემდეგ ეს უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და შემდეგ უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის გამოცხადებას. ეს იყო სამი სხვადასხვა მცდელობა, რომ გამოეწვიათ ემოციები, ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი იყვნენ წარუმატებლები და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია, გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება, ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

19 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სასტუმროში „ყვარლის ტბა“, ქმართან ერთად იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში ქორწილისთვის ემზადებოდა. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას უნდა ჰქონოდა.

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის ამტკიცებდა, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს“.

სალომე ზურაბიშვილმა ამას საზოგადოების გამარჯვება უწოდა და ეს ფაქტი, 2019 წლის მოვლენებს შეადარა, როდესაც საქართველოში, მართლმადიდებლობის ფორუმზე ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატი, გავრილოვი, ხალხის პროტესტის შემდეგ იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას ლავროვის ოჯახის წევრების საქართველოში ყოფნის შესახებ, ყვარელში საპროტესტო აქციები მოჰყვა. სამართალდამცავებმა აქციაზე 16 პირი დააკავა.

XS
SM
MD
LG