Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი საუდის არაბეთში ჩავიდა არაბული ლიგის სამიტზე დასასწრებად


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ჩასვლისას. 19 მაისი. 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ჩასვლისას. 19 მაისი. 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 19 მაისს საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ჩავიდა, სადაც დაესწრება არაბული ლიგის სამიტს.

ამის შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის ტელეარხებმა გაავრცელეს.

ზელენსკი ჯედაში საფრანგეთის მთავრობის კუთვნილი თვითმფრინავით ჩაფრინდა. უკრაინის პრეზიდენტი ასევე აპირებს კვირას „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტს დაესწროს იაპონიაში, ჰიროსიმაში. გავრცელდა ასევე ცნობა, რომ ზელენსკი სამიტწი ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას.

არაბული ლიგის სამიტში მონაწილეობას იღებს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადიც, რომლის მტკიცე მოკავშირე და მხარდამჭერი სამოქალაქო ომში რუსეთია. ალ-ასადი 12 წლის განმავლობაში იზოლირებული იყო არაბულ სამყაროში, ახლა სირია კვლავ დაუბრუნდა ლიგას.

საუდის არაბეთში ჩასვლამდე ზელენსკის ტვიტერით დაწერა, რომ „საუდის არაბეთის სამეფო მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიყვანოთ“. ზელენსკი შეხვდება საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამად ბინ-სალმანს.

სპარსეთის ყურის ქვეყნები ცდილობდნენ უკრაინის კონფლიქტში ნეიტრალური ყოფილიყვნენ, მიუხედავად დასავლეთის ზეწოლისა, იზოლაციაში მოექციათ რუსეთი, OPEC+-ის წევრი ქვეყანა, იტყობინება Reuters-ი.

AFP-ის მოჰყავს ზელენსკის მაღალი რანგის მრჩევლის, ოლექსი დანილოვის სიტყვები, რომ „უკრაინის ლიდერი წავა იქ, „სადაც ის თავის ქვეყანას სჭირდება, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში,“ ჰიროსიმის ჩათვლით, ქალაქისა, რომელიც ომის საშინელების სიმბოლოა.

„იქ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყდება, ამიტომ ჩვენი პრეზიდენტის იქ ყოფნა, ფიზიკური ყოფნა, სრულიად არსებითია ჩვენი ინტერესების დასაცავად“, - თქვა მან.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იმოწმებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს პრეს-სამსახურს, რომლის განცხადებით, ზელენსკი ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას ჰიროსიმის სამიტში.

AFP-ს ჰიროსიმიდან ინფორმირებულმა პირმა აცნობა, რომ ზელენსკის ჰიროსიმაში პირადად ელიან, მაგრამ ჩასვლის დრო არ არის ცნობილი.

იაპონიის ქალაქი ჰიროსიმა მეორე მსოფლიო ომის ბოლოს, ქალაქ ნაგასაკისთან ერთად, ატომური იარაღის პირველი სამიზნე გახდა ისტორიაში. 1945 წლის 6 აგვისტოს აშშ-ის მიერ ჩამოგდებულ ატომურ ბომბს ქალაქში ათეულ ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG