თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებულ საქართველოს ექვს და თურქეთის ერთ მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
"არანაირი კავშირი არანაირ ტერორისტულ ორგანიზაციებთან არ ჰქონია, მით უმეტეს დახმარება და გაწევრიანება... არ არსებობს ასეთი ფაქტი. რაც შეეხება ორ ხელყუმბარას, მან [ბრალდებულმა] განაცხადა, რომ არ ჰქონია და ჩაუდეს", - უთხრა ჟურნალისტებს დაკავებულების ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ბრალდებულებმა სხდომაზე თქვეს, რომ აქამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 17 მაისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები. მათივე ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.
"დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება", - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუსის თანახმად, გამოძიების ფარგლებში კონტრტერორისტულმა ცენტრმა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და "მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული პარტნიორ ქვეყნებთან. აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში".
6 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი.
"ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქის, მალხაზ პაქსაშვილის დაკავების შესახებ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცნობა აპრილში გაავრცელა.