Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნოს, რათა სამართლიანობისთვის ბრძოლა სტრასბურგში გავაგრძელო - გვარამია


ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 24 ოქტომბერი, 2022 წელი
ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 24 ოქტომბერი, 2022 წელი

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობის წლისთავზე რუსთავის ციხიდან წერილს აქვეყნებს. გვარამია წერს, რომ მოითხოვს უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანოს, რათა შემდეგ ბრძოლა ევროსასამართლოში გააგრძელოს.

"ჩემი მიზანმიმართულება კიდევ უფრო ხისტი ხდება; ჩემი მოტივაცია კიდევ უფრო ძლიერდება. ერთადერთი, რასაც ვითხოვ თუ მოვითხოვ, უზენაესმა სასამართლომ მომცეს გამამტყუნებელი განაჩენი (სხვაგვარს არც ველი), რომ სამართლიანობისთვის ბრძოლის ჩემი გზა გავაგრძელო სტრასბურგში. ისეთი პირი უჩანს, სამართალზე კი არა, მთლად მართლმსაჯულებაზე უარს მეტყვიან საბოლოოდ. თუმცა, მოთმინებით დაველოდები ვადის ამოწურვას 22 ივნისს და მერე გადავწყვეტ, როგორ ვიმოქმედებ...

ბოლოს, ერთი რჩევაც: მარტო სიმართლით გამარჯვებას ვერ მიაღწევ! სიმართლე, გამძლეობის და მორალური უპირატესობის გარეშე მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა. არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით. ებრძოლეთ სისტემას თქვენი მისგან განსხვავებულობით, მისნაირობაში ივანიშვილს ვერასდროს მოუგებთ. და თუ სამშობლოს გადასარჩენად კომფორტ ზონის დასატოვებლადაც კი არ ხართ მზად, სხვა საქმით დაკავდით. ასე აჯობებს", - წერია ნიკა გვარამიას ფეისბუკპოსტში.

ნიკა გვარამია გასული წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში დააკავეს. იგი დამნაშავედ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 2022 წლის 9 ივნისს მიიღეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. 2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა.

მიმდინარე თვის დასაწყისში 18-მა ევროპარლამენტარმა საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოწოდებით ევროპარლამენტის 12-მა წევრმა სალომე ზურაბიშვილს წერილით შარშან, ნოემბერშიც, მიმართა.

მარტის ბოლოს გვარამიას შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არავის მიმართ არ აქვს პიროვნული წყენა, მაგრამ დასძინა, რომ არავის აქვს უფლება, პრეზიდენტს მიუთითოს შეწყალებაზე.

XS
SM
MD
LG