Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ როგორ შეაფასა გვარამიას პატიმრობაში დატოვება


ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე
ნიკა გვარამია სასამართლო პროცესზე

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს სასჯელი დაუმძიმა. ნიკა გვარამიას პატიმრობა მისჯილი ჰქონდა ავტომობილის ეპიზოდის გამო, მეორე ინსტანციამ კი იმ ნაწილზეც პატიმრობა განუსაზღვრა, რაზეც საქალაქო სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი დილის 11:14 წუთზე გამოაცხადა - საბოლოოდ მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სხდომას მსჯავრდებულიც ესწრებოდა, დარბაზი კი მისი მხარდამჭერებით იყო სავსე. განაჩენის გამოცხადება ადგილზე თარჯიმანთან ერთად მოისმინა ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენელმა.

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

გიორგი გაბუნია, რომელიც ახლა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს, ამბობს, რომ ამ საქმეზე განსხვავებულ განაჩენს არც მოელოდა. მისივე თქმით, ნიკა გვარამია დღესვე რომ გამოეშვათ ციხიდან, ეს იქნებოდა იმის ნიშანი, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ასე სჭირდება.

"შეიძლება ჩვენ გამარჯვება გვეზეიმა, მაგრამ სინამდვილეში გამარჯვებას იზეიმებდა ისიც. არ ვიცით, როდის შეიცვლება გარემო ქვეყანაში და საერთაშორისო არენაზე ისე, რომ ნიკას თავისუფლება გახდეს საჭირო "ქართული ოცნებისთვის". ვნახოთ", - თქვა გიორგი გაბუნიამ "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში.

რას ნიშნავს "მთავარი არხისთვის" ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, რომ არხს ფინანსური პრობლემები აქვს, გიორგი გაბუნიამ თქვა, რომ ფინანსური პრობლემები მანამდეც ჰქონდათ და ის გამწვავდა ნიკას დაპატიმრების შემდეგ:

"ჩვენ 6 თვეა გვიწევს ნიკას გარეშე მუშაობა. ასე რომ, გავაგრძელებთ მოძრაობას იმ რელსებზე, რომელზეც ვდგავართ. ახალი და მოულოდნელი ახლა "მთავარი არხისთვის" აღარაფერი აღარ ხდება".

პატიმრობა ორივე ეპიზოდზე - რას ნიშნავს?

"როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან სტკიოდა ის გარემოება, რომ ნიკა გვარამია 6 თვის განმავლობაში ციხეში იჯდა კომპანიის ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის" , - თქვა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ. მისი შეფასებით, სასამართლომ ხელისუფლების გზავნილების შესაბამისად შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება:

"გადაწყვიტეს, უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ, არამედ ახლა სხვა ეპიზოდზე გამოეყენებინათ პატიმრობა, თითქოს და რამენაირად შეეცადონ გამართლებას, რომ მხოლოდ ავტომობილის გამოყენების გამო არაა ის საპატიმროში".

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო" ერთ-ერთი იყო, ვინც ნიკა გვარამიას საქმეზე "სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება წარადგინა და აცხადებდა, რომ ბრალდება უსაფუძვლო იყო. ამავე ორგანიზაციის შეფასებით, დაუსაბუთებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენიც.

ორგანიზაცია გამოეხმაურა სააპელაციო სასამართლოს განაჩენსაც, სადაც ნათქვამია, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.

მათი ერთ-ერთი არგუმენტაცია ეხებოდა სასჯელის დანიშვნის არაპროპორციულობას, ანუ საქალაქო სასამართლომ იმ ეპიზოდზე, სადაც ბრალდება მიუთითებდა, რომ ზიანი იყო 6 მილიონზე მეტი, მოსამართლემ გამოიყენა ჯარიმა, ხოლო ბრალის მიხედვით გაცილებით ნაკლებ ზიანზე, გამოიყენა პატიმრობა.

ორგანიზაციის იურისტი, ვანო ჩიტაშვილი დღეს "რადიო თავისუფლებას" ეუბნება, რომ მოსამართლეებმა ეს "სამართლებრივი უხერხულობა" გამოასწორეს, თუმცა "აქ ისევ და ისევ მივდივართ იქ, რამდენად დასაბუთებული იყო ბრალდება. ჩვენი შეფასებით, როგორც პირველ, ისე მეორე ეპიზოდში განაჩენი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, მაგრამ ცალკე სასჯელზე რომ ვისაუბროთ, ამ გარემოების გათვალისწინებითაც კითხვები ჩნდება. ეს მუხლი არის ნაკლებად მძიმე დანაშაული და ითვალისწინებს შინაპატიმრობასაც, ჯარიმასაც და თავისუფლების აღკვეთასაც. მოსამართლემ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სასჯელი".

პოლიტიკური განცხადებები განაჩენის შემდეგ

სააპელაციო სასამართლოში შეკრებილმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაჩენის მოსმენის შემდეგ შენობის შესასვლელშივე, ერთმანეთის მიყოლებით პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს. ნაწილს გამოსავლად ერთობა და პროტესტი მიაჩნია, ნაწილი კი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, "ევროპული მომავლის დასაცავად" შეიწყალოს გვარამია.

გედევან ფოფხაძე: "დღეს სამმა მოსამართლემ ჩვენ თვალწინ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და წაგვართვა ის მომავალი, რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს. არ გვაქვს მორალური უფლება, ჩვენ პროტესტის გარეშე წავიდეთ და სახლში ჩვენს ემოციებთან დავრჩეთ. დღეს სათქმელი უნდა ითქვას აი, აქ ამ ეზოში".

ხატია დეკანოიძე: "ნიკას თავისუფლება ეს არაა მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ნიკას თავისუფლება ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესრულებისთვის... მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ნიკას დამოკიდებულება, მინდა სალომე ზურაბიშვილს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს".

ელენე ხოშტარია: "ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც ციხეში ამწყვდევს თავისუფალ ადამიანებს. ჟურნალისტებს სჭირდება დაცვა, ნიკა დღეს გიცავთ საკუთარი მოქმედებებით, სიძლიერით. არავითარ შემთხვევაში ხელების ჩამოყრა. ესაა ცუდი ნიკასთვის, მედიისთვის, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის. პირიქით, წინ უნდა წავიდეთ, არ შევეგუოთ, ვიბრძოლოთ, დავანებოთ ერთმანეთთან კინკლაობას თავი".

გიორგი ვაშაძე: "საქართველოს აქვს არჩევანი, ან რუსეთისკენ, ან ევროპისკენ, ჩვენი გზა არის ევროპისკენ... ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები... ამის შემდეგ კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ, გვარამიასაც გავათავისუფლებთ, როგორც პოლიტპატიმარს და სააკაშვილიც გათავისუფლდება, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ერთიანობის გარდა ალტერნატივა არ არსებობს. არანაირი შეწყალება არ იქნება. არანაირი უზენაესში რაიმე სხვა გადაწყვეტილება არ იქნება, არაფერი იქნება, სანამ ხალხის დიდი ერთობის ძალას არ ნახავენ".

გიგა ბოკერია: "გვარამია ფორმალურად იმის გამო ზის, რომ საკუთარ ტელეკომპანიაში საკუთარ რესურსებს, როგორც თვლიდა საჭიროდ, ისე იყენებდა. ანუ ღიად სილა გააწნა ყველას რეჟიმმა, რომ ასე შეგვიძლია დაგიჭიროთო... ამიტომ ან ივანიშვილია, ან ჩვენი ქვეყნის თავისუფალი და უსაფრთხო მომავალი".

რა თქვეს "ქართულ ოცნებაში"

პარტია "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით სერგეენკო ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვებას ევროკომისიის რეკომენდაციებთან ვერ აკავშირებს. ამ თემაზე მას პარლამენტში, ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვები:

"სასამართლოს, ალბათ, უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ განმარტოს, რა, როგორ და რის საფუძველზე... სასამართლო არ აკავშირებს პოლიტიკას და მედიას მართლმსაჯულებასთან. სასამართლო უნდა იღებდეს მართლმსაჯულებრივ გადაწყვეტილებას".

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება რომელიმე პროფესიაში ყოფნა და მისი მსჯავრდება ევროინტეგრაციის ხელშეშლას ნიშნავდეს.

"უნდა ისაუბროთ საგნობრივად, თუკი რაიმე კონკრეტული ხარვეზი არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, არგუმენტები წამოაყენოთ".

რა თქვა აშშ-ის საელჩომ

სააპელაციო სასამართლოს განაჩენიდან მალევე აშშ-ის საელჩომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება რისკის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედიაპ ლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა", - წერია განცხადებაში, რომელიც საელჩოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.

თავისუფალი მედია, ჟურნალისტების უსაფრთხოება, დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება - 12-დან მე-7 რეკომენდაციაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ევროკომისია საქართველოსგან მოელის, რომ "მედიასაშუალებების მფლობელების წინააღმდეგ სამართალწარმოება უპასუხებს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს" და "ხელისუფლება ეფექტიანად და დროულად გამოიძიებს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეებს".

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე გადაწყვეტილება მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

სააპელაციო სასამართლოს 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამოცხადებული განაჩენი ზურაბ იაშვილისა და კახაბერ დამენიას შემთხვევაში. სააპელაციო სასამართლომ იაშვილი უდანაშაულოდ ცნო, დამენიას კი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით (გულგრილობა) გათვალისწინებული პასუხისმგებლობა - 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის საჩივარი მხოლოდ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას შემთხვევაში დააკმაყოფილა ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი 2019 წლის ეპიზოდზე (ე.წ. პორშეს ეპიზოდი). ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა.

ამასთან, ამავე განაჩენით, გვარამიას 50-ათასლარიანი ჯარიმა ჰქონდა შეფარდებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. საუბარია 2015 წლის ეპიზოდზე. ბრალდების მტკიცებით, ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG