3 მილიონი დოლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემები ZN.UA და „უკრაინსკა პრავდა“ იუწყებიან ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსა და სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის.
გასულ ღამით, უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოში გამოვლენილია მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ უკანონო სარგებლის მიღების სქემა და მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.
უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მოკლე შეტყობინებას თან ახლავს სავარძელზე გაშლილი, ამერიკული ვალუტის ფოტო.
გამოცემა ZN.UA-ს ინფორმაციით, ჩხრეკა ჩატარდა უზენაესი სასამართლოს კიდევ 18 მოსამართლესთან.
უკრაინული გამოცემების წყაროთა ცნობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევმა ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ. 19 აპრილს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ წინა ინსტანციების გადაწყვეტილება შეცვალა და ჟევაგოს დაუბრუნა პოლტავის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის აქციების 40%-ზე მეტი.
საქმე რომ პირადად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევს ეხება, დასტურდება სასამართლოს ოფიციალური შეტყობინებით, რომ „კნიაზევის გარშემო მომხდარი მოვლენების“ გამო, 16 მაისს გაიმართება უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა.
ვსევოლოდ კნიაზევი, რომელსაც 25 მაისს 44 წელი უსრულდება, უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.