Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორძაიამ სარჩელი შეიტანა - პაპუაშვილი დეპუტატებს სააკაშვილთან შესვლის საშუალებას არ აძლევს


პარლამენტის წევრი თამარ კორძაია
პარლამენტის წევრი თამარ კორძაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას სარჩელი, რომელიც ეხება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილებას. ცნობა კორძაიამ ფეისბუკზე, საკუთარ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

იუსტიციის მინისტრის თხოვნის შემდეგ, 2022 წლის 27 დეკემბერს, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განუსაზღვრელი ვადით შეჩერდა პარლამენტის წევრებისთვის, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭება.

პატიმრობის კოდექსის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრები.

პარლამენტის რეგლამენტში ვკითხულობთ, რომ პარლამენტის წევრს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, შეიძლება, მიენიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლება.

2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილი კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული.

დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

XS
SM
MD
LG