Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გიდები აქციას მართავენ


გიდების აქცია ტურიზმის ადმინისტრაციასთან. თბილისი. 14 მაისი, 2023 წელი
გიდების აქცია ტურიზმის ადმინისტრაციასთან. თბილისი. 14 მაისი, 2023 წელი

თბილისში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ქართველი გიდების ერთი ნაწილი აქციას მართავს. ისინი ამბობენ, რომ უსამსახუროდ რჩებიან და ეს მალე ძალიან ბევრს შეუქმნის პრობლემას.

მათი განცხადებით, უცხოენოვანი გიდები კანონით უნდა იყვნენ ვალდებული, ფლობდნენ სახელმწიფო ენას და იყვნენ ამ ქვეყნის მოქალაქეები.

„ეს პრობლემა პანდემიამდე გაჩნდა, მაგრამ განსაკუთრებით გამძაფრდა ბოლო ერთი წელია. ჩვენ, აქაური გიდები, ვრჩებით სფეროს მიღმა. გიდი ქვეყნის ელჩია, ის აცნობს უცხოელებს ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას. დღეს კი ამ ისტორიას ძალიან ბევრი უცხოელი გიდი არასწორად ჰყვება და ქვეყნის იმიჯს აზიანებს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიდი ქეთი ბურნაძე.

გიდების აქცია თბილისში
გიდების აქცია თბილისში

გიდები ამბობენ, რომ უცხოელი გიდები ისე წარადგენენ საქართველოს, როგორც სურთ:

„ხან ირანის პროვინცია ვართ და ხან რუსეთის გუბერნია.“

აქციის მონაწილე კიდევ ერთი გიდი ნატალია ანდრონიკაშვილი ამბობს, რომ იმას, რაც ესმით თავად გიდებს ტურების დროს, ვერ ისმენენ ვერც ჩინოვნიკები და ვერც ტურისტული კომპანიების ხელმძღვანელები.

„ქვეყნის ისტორია ტოტალურად მახინჯდება, კულტურას დაკნინებულად წარმოაჩენენ - ამას ზოგი უმეცრებით აკეთებს და ზოგი - შეგნებულად. ფაქტია, რომ სფეროს სჭირდება მოწესრიგება“.

14 მაისს აქციაზე შეკრებილი გიდები ითხოვდნენ, რომ ყველა გიდმა და მძღოლმაც უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა ქართული, იყოს საქართველოს მოქალაქე და ეს განისაზღვროს კანონით.

ტურიზმის შესახებ კანონზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა. ჯერ უცნობია, საბოლოოდ როგორ დარეგულირდება ამ კანონით გიდების საკითხი.

XS
SM
MD
LG