Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: უკრაინელებმა ბახმუტთან გაარღვიეს რუსების ზოგიერთი პოზიცია


უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები ბახმუტის მახლობლად მართავენ უპილოტო საფრენ აპარატს. 2023 წლის 8 მაისი
უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები ბახმუტის მახლობლად მართავენ უპილოტო საფრენ აპარატს. 2023 წლის 8 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 59 საავიაციო და 6 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქებზე, სლავიანსკზე, კონსტანტინოვკასა და ზაპოროჟიეზე. გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით 95-ჯერ დაცხრილა თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში - ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით, სადაც გასულ 24 საათში თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 44 შეტევა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკისთვის. უკრაინის გენშტაბის მიერ დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, გაარღვიეს თუ არა თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის პოზიციები ბახმუტის მახლობლად, რის შესახებაც სხვადასხვა წყარო იუწყება.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ლოკალური კონტრშეტევების შედეგად, ბახმუტის მახლობლად გაარღვიეს რუსეთის ძალების ზოგიერთი პოზიცია. მათ შორის, უკრაინელებმა დაიკავეს ბახმუტი-ჩასოვ იარის ავტომაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ქალაქ ბახმუტიდან სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს.

რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 9 მაისს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა კონტრშეტევა დაიწყეს, ბახმუტის შემოგარენში 3კმ² ტერიტორია დაიბრუნეს, რუსეთის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელთა 72-ე ბრიგადა კი ბრძოლის ველიდან გაიქცა. იმავე დღეს უკრაინის თავდაცვის ძალების მე-3 მოიერიშე ბრიგადამ განაცხადა, რომ პროგიჟინის სიტყვები რუსი სამხედროების გაქცევის და მიტოვებული 500 გვამის შესახებ სიმართლეა და მას მადლობას უხდიან უკრაინელი სამხედროების წარმატების საჯაროდ გამოცხადებისთვის.

ბახმუტის გარშემო ზოგიერთი პოზიციიდან რუსების უკან დახევასა და უკრაინელების წინსვლაზე სოციალურ ქსელებში წერდნენ რუსი ე.წ. სამხედრო ბლოგერებიც.

11 მაისს, ღამით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოკლე ოფიციალური განცხადება, რომ ცალკეული ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობები უკრაინელების მიერ ფრონტის სხვადასხვა ხაზის გარღვევის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

  • რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
  • ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.
XS
SM
MD
LG