საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ათეულობით ათას ადამიანს, რომლებსაც სესხის პროცენტი რეფინანსირების განაკვეთზე აქვთ მიბმული, გადასახდელი თანხა უმცირდება. კომიტეტმა გადაწყვეტილება დღეს, 10 მაისს, მიიღო.
0,5 პროცენტული პუნქტით შემცირების შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი 10,5 პროცენტს შეადგენს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" გამოთვლით, 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179 600 სესხია გაცემული.
"ინფლაციური ტენდენციებისა და პროგნოზის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო... ერთ-ერთ მთავარ რისკად რჩება გეოპოლიტიკური მდგომარეობაც. აქედან გამომდინარე, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ნელი ტემპით განაგრძობს", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ინფლაციის შემცირებას უკავშირებს.
- აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ფასები შემცირებული 0,7 პროცენტით;
- აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებულია 2,7 პროცენტამდე.
რეფინანსირების განაკვეთად 11-პროცენტიან ნიშნულს ეროვნული ბანკი 2022 წლის მარტის შემდეგ მაღალი ინფლაციის გამო ინარჩუნებდა - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა ან შემცირება ინფლაციის დონეზე ახდენს გავლენას.