Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დროებით აკრძალეს


ფოტო არქივიდან: ქალაქ ცხინვალის ხედი.
ფოტო არქივიდან: ქალაქ ცხინვალის ხედი.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება აკრძალეს.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში 7-დან 10 მაისამდე, ნებისმიერი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება იკრძალება". -წერია დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაში.

ოკუპირებული რეგიონის კგბ-ს, თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სამსახურს დაევალათ, უზრუნველყონ დე ფაქტო რესპუბლიკის საჰაერო სივრცის კონტროლი და არსებული შესაძლებლობების გამოყენებით უპილოტო საფრენი აპარატების ფრენების აღკვეთა.

საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ის ცნობით, გადაწყვეტილების აღსრულებაზე კონტროლი დაევალა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს ანატოლი პლიევს.

დე ფაქტო უშიშროების საბჭომ ნაციზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ცხინვალში გასამართი ღონისძიებების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღო ეს გადაწყვეტილება. დე ფაქტო რესპუბლიკაში უკვე ტარდება 9 მაისისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის რეპეტიციები.

რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ ახმაჯში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო ბაზა სოფელ ახმაჯში.

ამ გადაწყვეტილებამდე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ახმაჯთან, სამოქალაქო მოძრაობა, „ძალა ერთობაშია"-ს დრონი ჩამოაგდეს. ეს ინფორმაცია მოძრაობის ლიდერმა დავით ქაცარავამ თავად გაავრცელა. ქაცარავას დრონი ოკუპირებული ახმაჯის სამხედრო ბაზის თავზე დაფრინავდა. მისი თქმით, დრონმა, ჩამოგდებამდე არაერთი საინტერესო ფოტოს გადაღება შეძლო. ამ ფოტოებს ის საკუთარ „ფეისბუკ"-გვერდზე ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის კგბ აფრთხილებს უპილოტო საფრენი აპარატების მფლობელებს, რომ არ გამოიყენონ ისინი დაგეგმილი დღესასწაულის დღეებში და ახსენებს, რომ საჰაერო სივრცის არაკანონიერი გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობის შესაბამისად.

დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები სადღესასწაულო დღეებში საგანგებო რეჟიმზე გადადიან.

XS
SM
MD
LG