Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან


ფოტოკოლაჟი: ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე
ფოტოკოლაჟი: ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. დეპუტატებმა ამის შესახებ თავად უთხრეს ჟურნალისტებს.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს. ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საკანონმდებლო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა…" - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან.

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტს, რომლითაც ერთი პარტიიდან გამოყოფილ დეპუტატებს შეეძლებათ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით უყარეს კენჭი. ახლა პოლიტიკური ჯგუფების დასარეგისტრირებლად პროცედურული ნაწილია დარჩენილი.

დეკანოიძემაც და გოცირიძემაც სხვადასხვა დროს, მას შემდეგ დატოვეს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რაც მისი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" პარტიის თავმჯდომარის ორდღიანი არჩევნები 30 იანვარს დასრულდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა.

ხაბეიშვილის არჩევიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ტოვებდა პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას. დაახლოებით ორ კვირაში, 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა. 23 მარტს კი ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.

XS
SM
MD
LG