Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა


თამარ ბაჩალიაშვილი
თამარ ბაჩალიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სერგო შუბითიძემ. მან სასამართლოს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ადვოკატმა მარიამ მაღრაძემ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

„კითხვები დაისვა ძირითადად ტელეფონთან დაკავშირებით და ასევე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც უკვე ისაუბრა გადაცემაში. ის პირები დასახელდა, რომლებზეც ისაუბრა ეთერში. ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა შუბითიძის ინტერესების დამცველმა.

პროკურორი მარი მეშველიანი აცხადებს, რომ შუბითიძეს არანაირი კავშირი არ ჰქონია თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონთან. ბრალმდებლის თქმით, სერგო შუბითიძე საქმის საწყის ეტაპზე იყო ერთ-ერთი გამომძიებელი. „რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რაც საბოლოო შედეგზე ერთგვარ გავლენას იქონიებდა, მის მიერ არ ჩატარებულა", - თქვა მეშველიანმა.

სერგო შუბითიძემ თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა. ის ტელეკომპანია „ფორმულისთვის" მიცემული ინტერვიუს შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი გამომძიებელი ამბობდა, რომ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მისთვის დამაჯერებელი არ იყო.

„მოხდება სერგო შუბითიძის გამოკითხვა მის მიერ საჯაროდ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რასაც მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით", - ეწერა პროკურატურის განცხადებაში.

ყოფილმა გამომძიებელმა "ფორმულისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია მისთვის არადამაჯერებელია და ღამით ცუდად სძინავს მას შემდეგ, რაც გვამი ნახა.

„მე ნამდვილად არ მჯერა ეს [რომ თავი მოიკლა]... არ მინდა, რომ მარტო ვატარო ეს ტვირთი. სხვებმაც ატარონ, ვისაც ეკუთვნით“, - თქვა სერგო შუბითიძემ 29 აპრილს ეთერში გასულ ინტერვიუში.

  • 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში.
  • საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.
  • 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.
  • ოჯახი თავიდანვე ამბობდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.
XS
SM
MD
LG