საქართველოში დააკავეს ერთი პირი, რომელიც საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, ქვეყანაში რადიაქტიური ნივთიერების - ურანის - გაყიდვას ცდილობდა. მას ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მასა, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა ამოღებული, შეიცავს რადიაქტიურ ნივთიერება ურანს და მიეკუთვნება ბირთვულ მასალათა კატეგორიას", - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარდა - "დაკავებული პირი ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება".
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც "რადიაქტიური ნივთიერების უკანონო მოპყრობას" გულისხმობს.