Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ დვანთან ორი მწყემსი დააკავეს 


საოკუპაციო ხაზი დვანში (2018 წ.)
საოკუპაციო ხაზი დვანში (2018 წ.)

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

როგორც ადგილობრივები რადიო თავისუფლებას უყვებიან, ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი საქონელს მწყემსავდნენ; მწყემსები ოკუპაციის ხაზს მიღმა გადასული ძროხების გამოსარეკად გადავიდნენ, რა დროსაც ისინი იქვე ჩასაფრებულმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობათ საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

18 აპრილს ამავე სოფლის მკვიდრი დიმიტრი მამაგულაშვილი ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს. იგი ორ დღეში გაათავისუფლეს.

ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში საქართველოს შვიდი მოქალაქე რჩება, მათ შორისაა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მამუკა ჩხიკვაძე.

XS
SM
MD
LG