Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანკარა უარყოფს, რომ პრეზიდენტ ერდოანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს


ფოტო არქივიდან. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი
ფოტო არქივიდან. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ცნობებს, რომ რეჯეპ ტაიპ ერდოანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.

წუხელ ადმინისტრაციის კომუნიკაციების სამმართველოს ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა ტვიტერზე დაწერა, რომ კატეგორიულად უარყოფენ უსაფუძვლო განცხადებებს პრეზიდენტ ერდოანის ჯანმრთელობის შესახებ. ამასთან, ალთუნის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტი ონლაინ მიიღებს მონაწილეობას პირველი ატომური ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაში, რომელიც დღეს, 27 აპრილს, გაიმართება მერსინის პროვინციაში.

როგორც ერდოანის ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, ერდოანი და მისი პარტია 14 მაისის არჩევნებში გამარჯვებას აპირებენ და ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რომ თურქი ხალხი მხარს უჭერს თავის ლიდერს.

25 აპრილს თურქეთის პრეზიდენტმა თავი შეუძლოდ იგრძნო ადგილობრივ ტელეკომპანიებთან პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს. ეთერი დროებით შეწყდა, სტუდიაში დაბრუნებულმა ერდოანმა კი, ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მძიმე სამუშაო ჰქონდა და ვირუსული გასტროენტერიტითაც დაავადდა.

მოგვიანებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთის პრეზიდენტს მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს და კლინიკაში გადაიყვანეს.

26 აპრილს, თურქეთის პრეზიდენტმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება, რომ ექიმების რჩევით სახლში დაისვენებს და ამ დღეს დანიშნულ წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს.

  • 14 მაისს თურქეთში ჩატარდება პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევნები.
  • საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის, "სამართლიანობის და განვითარების პარტიის" ლიდერის, 69 წლის რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარი კონკურენტია ოპოზიციური „რესპუბლიკური ალიანსის“ კანდიდატი, 74 წლის ქემალ კილიჩდაროღლუ.
  • ერდოანი თურქეთის პრეზიდენტია 2014 წლის აგვისტოდან. მანამდე, 2003 წლიდან ის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი იყო.

XS
SM
MD
LG