თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტენდერია გამოცხადებული თბილისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზის პროექტირება-მშენებლობისთვის. როგორც მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, ავტობაზა 18-მეტრიანი ავტობუსების ექსპლუატაციისთვის არის საჭირო და ის 2024 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს.
„ავტობაზა გათვლილი იქნება 200 ერთეულ 18-მეტრიან ავტობუსზე. ტენდერი დასრულდება 8 მაისს. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 62 მლნ ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუმეტეს 10 თვის ვადაში, უნდა მოაწყოს არანაკლებ 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის ექსპლუატაციისთვის საჭირო ავტობაზის ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვამდე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამოცხადებული აქვს ბაზრის კვლევა, რომელიც 27 აპრილს დასრულდება. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 160 ავტობუსის შეძენა. მაისის დასაწყისში გამოცხადდება კონსოლიდირებული ტენდერი. 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ჯამურად 245 მლნ ლარია გათვალისწინებული.
კახა კახაძის თქმით, 18-მეტრიანი ავტობუსების მიღება დაგეგმილია ეტაპობრივად, 2024 წლის განმავლობაში - პირველი 50 ერთეული 2024 წლის აპრილამდე, ხოლო დანარჩენი 2024 წლის მეოთხე კვარტალში უნდა მიიღონ.
18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა მერიის სატრანსპორტო რეფორმის ნაწილია და როგორც მერიაში ვარაუდობენ, მან უნდა განტვირთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების სირთულეები.
თბილისის მერის ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადი გასული წლის დეკემბერთან შედარებით 43%-თაა გაზრდილი.